თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ხუთივე აეროპორტმა აგვისტოში 583 ათასი მგზავრი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით ნაკლებია, ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, მგზავრების რაოდენობის მატება შეიმჩნევა იანვარ-აგვისტოს პერიოდში – მგზავრთნაკადმა 3,6 მლნ-ს (+8%) გადააჭარბა.
ერთადერთი აეროპორტი, სადაც ზაფხულის ბოლო თვის განმავლობაში მგზავრების მატება დაფიქსირდა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტია. ევროპის ქვეყნებიდან სხვა ავიაკომპანიებთან ერთად სწორედ ქუთაისში დაფრინავს ცნობილი Wizz Air-ი.
„იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს აეროპორტებში ბოლო წლებში ფიქსირდება, მათ შორის 2019 წლის ორი კვარტლის განმავლობაში, ჩვენ აგვისტოშიც ვიზიტორების უპრეცედენტო ზრდის მოლოდინი გვქონდა, თუმცა 20 ივნისის მოვლენებმა სულ სხვა სურათი მოგვცა", – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული და გატარებული ზომების წყალობით შესაძლებელი გახდა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის უარყოფითი შედეგების მინიმალიზება.
რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლამ და შემდგომმა საპროტესტო ტალღამ გამოიწვია. მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეაჩერეს.