რატომ დარჩა ბათუმში 1600 აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშე

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მამუკა შამილიშვილის ცნობით, ახალი ბაღის მშენებლობა ლერმონტოვის ქუჩაზე დაიწყო და ის მომავალ წელს გაიხსნება.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში 1600 ბავშვის ბაღის გარეშე დარჩენას ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის ზრდით ხსნიან, იუწყება ტელეკომპანია Imedi ბათუმის ბაღების გაერთიანების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

წელს ბათუმში 1600 ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა. არსებული ინფორმაციით, აღსაზრდელთა საერთო რაოდენობა 8095-ია, სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება 2 595-მა ბავშვმა დაასრულა, მათ ადგილზე კი 2479 აღსაზრდელი ჩაირიცხა. ამ დროისთვის ვაკანტური მხოლოდ 116 ადგილია.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სასწავლო წელი იწყება: რა ელით დაურეგისტრირებელ ბავშვებს?>>

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად ინფრასტრუქტურული ღონისძიებები იგეგმება.

„როგორც ბაღის, ასევე სკოლების დეფიციტი გვაქვს ქალაქში და ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რათა ეს დანაკლისი შევავსოთ. მერიის შესაბამისი სამსახურები ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს გეგმავენ", – განაცხადა რიჟვაძემ.

თბილისის მერია საბავშვო ბაღების საკვებით მომმარაგებლებს არჩევს

ბათუმის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ბაღს მიღმა დარჩენილი ბავშვებიდან, შესაძლოა, რამდენიმე ჯგუფში გადანაწილების შემდეგ მიიღონ. საერთო მიზეზად კი ქალაქში მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ასახელებენ.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მამუკა შამილიშვილის ცნობით, ახალი ბაღის მშენებლობა ლერმონტოვის ქუჩაზე უკვე დაიწყო და ის მომავალ წელს გაიხსნება.

ბათუმში სულ 32 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ბოლო ოთხი წლის განამავლობაში ქალაქში სკოლებისა და ბაღების დეფიციტია, ყოველწლიურად იმატებს იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ვერ ხვდებიან უფასო ბაღებში და დატვირთვა კერძო სექტორზე გადავიდა.