თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პარტია „გამარჯვებული საქართველო" მზადაა პარტიის ლიდერის თავისუფლების სანაცვლოდ 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო გადაიხადოს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა ბრიფინგზე.
ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს. იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი დაუმტკიცდება, ოქრუაშვილს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„ოქრუაშვილმა ივანიშვილის ხელისუფლებას საფრთხე შეუქმნა და ამიტომაც დააკავეს. ეს არის მიზეზი, რომ მას მოსამართლე არანაირი პირობით არ გაათავისუფლებს მომდევნო სასამართლო პროცესზე. ჩვენ, მისმა მეგობრებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, სასამართლოს გირაოს სახით 500 ათასი ლარი შევთავაზოთ", – განაცხადა ჩალაგაშვილმა.
ამასთან, ჩალაგაშვილმა ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი არეულობის დროს დაკავებულებზე ზეწოლას ახორციელებენ, რათა ოქრუაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენებები მიიღონ.
„რამდენიმე დაკავებულს ხელისუფლებამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლება შესთავაზა, თუ ისინი ირაკლი ოქრუაშვილისა და ნიკა მელიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენებებს მისცემენ", – განაცხადა ჩალაგაშვილმა.
საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე მიმართულებით კი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია".
მეორე საქმის ფარგლებში არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრალდებით აქციის 17 მონაწილე იყო დაკავებული, მათგან 15 პატიმრობაშია.
ყველაზე მკაცრი ბრალდება წაყენებული აქვთ ირაკლი ოქრუაშვილსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას. სასამართლომ მელია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დეპუტატს ელექტრონული მეთვალყურეობა დაუწესდა. მას აეკრძალა სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე სახლის დატოვება და საჯარო სივრცეში განცხადებების გაკეთება.