თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს დაზვერვის სამსახურს ლევან იზორია უხელმძღვანელებს, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის ახალ უფროსს, ლევან იზორიას უწყების ყოფილმა უფროსმა, დავით სუჯაშვილმა დღეს უწყებაში უმასპინძლა.
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გიორგი გახარიას ახალ მთავრობაში პოსტი ვერ შეინარჩუნა. ის ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.
„ლევან იზორია სამსახურის მოსამსახურეებს შეხვდა, ასევე გაეცნო სამსახურში განხორციელებულ რეფორმებს. მან ხაზი გაუსვა სამსახურის ყოფილი უფროსის პროფესიონალიზმსა და ღვაწლს ქვეყნისა და სამსახურის წინაშე, მადლობა გადაუხადა დავით სუჯაშვილს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – ნათქვამია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაში.
რაც შეეხება დავით სუჯაშვილს, ის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ლევან იზორია 1974 წლის 5 თებერვალს დაიბადა. დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და გეორგ-ავგუსტის სახელობის გეოტინგენის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი. 2004-2006 წლებში იყო საქართველოს პოლიციის აკადემიის რექტორი, 2007-2008 წლებში „საქართველოს უნივერსიტეტის“ დეკანი. 2008-2009 წლებში — ქალაქ შპაიერში (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის პროფესორი. 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს შს მინისტრის მოადგილედ, 2015 წელს კი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2016 წლის ივლისის ბოლოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა.