16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი ყველა სკოლაში არ დაიწყება

რომელ სკოლებში გადაიდება სასწავლო პროცესის დაწყება, ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რიგ სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი, შესაძლოა, დაგვიანებით დაიწყოს, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

სკოლის დატოვების სურვილი პენსიონერი პედაგოგების ნახევარმა გამოთქვა

საქართველოში ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს იწყება. თუმცა, იმის გამო, რომ ქვეყნის დაახლოებით 700 სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და ზოგან დღემდე ტარდება, რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეიძლება ორი კვირის დაგვიანებით დაიწყოს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლა დაგვიანებთ 20 სკოლაში შეიძლება დაიწყოს. გაცდენილი სასწავლო პროცესის ანაზღაურება კი შაბათობით მოხდება.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ მშობლების ინფორმირება სკოლების ადმინისტრაციის პრეროგატივაა, აღნიშნეს უწყებაში.

დაახლოებით 700 სკოლის სარემონტო სამუშაოებზე 40 მლნ ლარი დაიხარჯა.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა ტარდება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.