მამუკა ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართება

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ პირველი განცხადება 2019 წლის ივნისში გააკეთა.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს უმსხვილესი TBC Bank-ის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა 12 სექტემბერს, 12:00 საათზე ანაკლიაში დაფუძნდება, ამაზე თავად ხაზარაძე წერს სოციალურ ქსელში. 

მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ 2019 წლის ივნისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტის ფონზე განაცხადა. ხაზარაძის განცხადების თანახმად, დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ არის საჭირო „ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება".

როგორც  ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ხვალ ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და მიზნები.

„ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკვე ცნობილია, რომ მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება. ნაცვლიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივანია. მისი განცხადებით, სწორედ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაში ხედავს რეალურ ძალას და რესურსს – მოიშალოს შეცდომებისა და დანაშაულების მოჯადოებული წრე და თვისობრივად ახალი რეალობა შეიქმნას.

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს დაახლოებით 17 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ბრალი წინა თვეში წაუყენა. საუბარი TBC Bank-ის 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას ეხება. სასამართლომ თითოეულს გირაოს სახით 700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.