დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა

წელს საქართველო და უზბეკეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პირველი ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყების პირველი პირი შეხვედრებს გამართავს უზბეკეთის ვიცე-პრემიერ აზიზ აბდუხაკიმოვთან, უზბეკ კოლეგა აბდულაზიზ კამილოვთან და უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან სოდიკ საფოევთან.

უზბეკეთში საქართველოს ახალი ელჩი დაინიშნა

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში.

საიუბილეო თარიღთან და საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტაშკენტში გაიმართება მასშტაბური კულტურული ღონისძიება საქართველოს ხელოვნების სფეროს მოღვაწეების მონაწილეობით.

ღონისძიებაზე მიწვეული არიან უზბეკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფების წარმომადგენელები, დიპლომატები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე უზბეკეთის კულტურისა და ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები.

ვიზიტი 13 სექტემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 19 აგვისტოს დამყარდა. მას შემდეგ ქვეყნები თანამშრომლობენ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და სხვა სფეროებში.

უზბეკეთს საქართველოში საელჩო არ აქვს. საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის უზბეკეთი იყენებს საელჩოს ბაქოში.