ბრიუსელისა და ტალინის მიმართულებით ქუთაისიდან პირველი პირდაპირი რეისები შესრულდა

ტრადიციულად, პირველი რეისის როგორც ჩამომფრენ, ისე გამფრენ მგზავრებს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბრიუსელის მიმართულებით დღეს პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.

დღესვე  ქუთაისში კიდევ ერთი პირდაპირი რეისი განხორციელდა პირველად - ამჯერად  ტალინიდან. აქამდე ესტონეთში საქართველოდან საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.

ქუთაისის აეროპორტიდან ჰოლანდიის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა

ტრადიციულად, პირველი რეისის როგორც მგზავრებს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები - ქართული ღვინო და შოკოლადი დაურიგდათ.

10 სექტემბრიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ეტაპობრივად 7 ახალი მიმართულებით დაიწყო ფრენა. სამშაბათს შესრულდა პირდაპირი რეისი ეინდჰოვენის მიმართულებით, ამ დღეებში პირდაპირი რეგულარული რეისები დამატებით კიდევ რამდენიმე ახალი მიმართულებით: ბაზელში, კოპენჰაგენში, პოზნანსა და ბარიში შესრულდება.

ამ მომენტისთვის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება საქართველოდან შვეიცარიასა და დანიის სამეფოში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზაზე რიგით მესამე თანამედროვე, AIRBUS A 320 ტიპის საჰაერო ხომალდმა დაიწყო ოპერირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ რეისებზე ეკიპაჟი მთლიანად ადგილობრივებისგან იქნება დაკომპლექტებული.

WizzAir-ი საქართველოდან შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს >>

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში ავიაკომპანია Wizz Air-ის პირველი ბაზა გაიხსნა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95% გადაიყვანა (587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, Wizz Air-ი ბაზრის ლიდერი გახდა.