თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა საპატრიარქოშიც უნდა იმუშაონ, შესაბამისი დავალება კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უკვე მისცა ხელმძღვანელ პირებს. ბრძანება საპატრიარქოს საიტზეა გამოქვეყნებული.
„1 სექტემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაევალოთ თავის ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა“, — ნათქვამია ბრძანებაში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში არსებული კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავება სავალდებულო გახდა.
საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და მე-7 მუხლების საფუძველზე დამსაქმებელი ვალდებულია, შრომის უსაფრთხოების დასაცავად დანიშნოს ან მოიწვიოს სერტიფიცირებული სპეციალისტი.
კანონის თანახმად, დამსაქმებელს, რომელსაც ოცი ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები. ხოლო თუ დასაქმებულთა რაოდენობა 20-დან 100 კაცამდეა, დამსაქმებელი ვალდებულია ერთი სპეციალისტი მაინც ჰყავდეს.
ასი და მეტი დასაქმებულის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ ორი სპეციალისტით, რომლებსაც სპეციალური აკრედიტებული პროგრამა უნდა ჰქონდეთ გავლილი.