ვლადიმირ ვაისი: ეს ნაკრების საუკეთესო თამაში იყო ჩემი ხელმძღვანელობით

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გულშემატკივარს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მიიჩნევს, რომ ფრე დანიის ნაკრებთან ევრო-2020-ის შესარჩევ მატჩში საუკეთესო თამაში იყო მას მერე, რაც ის ეროვნულ გუნდს ჩაუდგა სათავეში. ამის შესახებ სლოვაკმა სპეციალისტმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ეს ჩვენი საუკეთესო შედეგი იყო, უკეთესიც კი, ვიდრე ესპანეთთან გასვლაზე გამარჯვება. კარგად ვითამაშეთ დაცვაში და ხასიათი ვაჩვენეთ, რისთვისაც მადლობელი ვარ ჩვენი ფეხბურთელების. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც ნაკრებს მხარი დაუჭირეს. ეს განსაკუთრებით მეორე ტაიმში იგრძნობოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დანია მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, ეს ნამდვილად კარგი შედეგია", – განაცხადა ვაისმა.

ვლადიმირ ვაისი: ეს ნაკრების საუკეთესო თამაში იყო ჩემი ხელმძღვანელობით

სლოვაკმა სპეციალისტმა რამდენიმე ფეხბურთელი გამოყო შესანიშნავი მატჩის ჩატარებისთვის.

საქართველომ დანიასთან ფრე ითამაშა: როგორ ჩაიარა საფეხბურთო მატჩმა – ფოტო

„ცენტრში შესანიშნავად ითამაშეს აბურჯანიამ და კიტეიშვილმა. ჩაატარეს შესანიშნავი მატჩი, აჩვენეს თავიანთი მაღალი კლასი და პროფესიონალიზმი. კიტეიშვილი მშვენივრად გაუმკლავდა საყრდენი ნახევარმცველის როლს და, ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ასევე მინდა გია გრიგალავა აღვნიშნო. ის კარგად გამოდის რუსეთის ჩემპიონატზე ტულის „არსენალში" და სწორედ ამიტომ ქვეყნის მთავარ გუნდში დაბრუნდა", – აღნიშნა ვაისმა.

ვლადიმირ ვაისისგან განსხვავებით, დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იონ-დალ ტომასონი იმედგაცრუებული დარჩა. შეხვედრის დაწყებამდე მან განაცხადა, რომ მისი გუნდი თბილისში მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩამოვიდა.

ვლადიმირ ვაისი: ეს ნაკრების საუკეთესო თამაში იყო ჩემი ხელმძღვანელობით

ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის ხუთი ჩატარებული საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და D ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს. ჯგუფის ლიდერია ირლანდია 11 ქულით ხუთი თამაშის შემდეგ. დანია 9 ქულით მეორე პოზიციაზეა.

შემდეგი მატჩში 12 ოქტომბერს ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ირლანდიას დაუპირისპირდება. თამაში თბილისში გაიმართება.