თემქაზე 62 წლის ქალი საკუთარმა მაზლმა მოკლა: სასტიკი მკვლელობის დეტალები

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ანგარების მოტივით მოხდა.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის მაზლი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასტიკად მოკლული ქალი და განგებ გაჩენილი ხანძარი: რა მოხდა თემქაზე

შემთხვევა თბილისში 5 სექტემბერს მოხდა. გარდაცვლილი ქალი მეხანძრეებმა თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში იპოვეს, როდესაც ბინაში დაკვამლიანების გამო მეზობლებმა სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ხანძარი, სავარაუდოდ, დანაშაულის დაფარვის მიზნით იყო გაჩენილი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თავის ძმისცოლს ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.