ცოცხანა, ანუ „ისიდას ცრემლი" – მაგიური სამკურნალო მცენარის სასარგებლო თვისებები

ცოცხანა უამრავ დაავადებას შველის, მათ შორის, აყუჩებს თავისა და კბილის ტკივილს, კარგი საშუალებაა შაკიკის, რევმატიზმის, პოდაგრის, ჰიპოტონიის, ანემიის, იმპოტენციის, ზოგადი სისუსტის, ღვიძლის, თირკმელებისა და სხვა დაავადებების დროს.
Sputnik

ცოცხანა (Verbena) — მცენარეთა გვარი ცოცხანასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია 200-ზე მეტი სახეობა. საქართველოში გვხვდება სამი სახეობა, აქედან ერთი ენდემურია.

ცოცხანას, სხვაგვარად ცოცხობას სინონიმებია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: კარაზანა, მოზვრიკუდე, ცახა-ცახა, ცოცხა-ცოცხა, ცოცხი შავი, ციცხმაგარა, სამაჭრია, შავი ცოცხი.

ცოცხანა გავრცელებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრამდე სიმაღლეზე, უპირატესად თბილი კლიმატის ქვეყნებში: კავკასიაში, შუა აზიაში, უკრაინაში, ამერიკაში და ა.შ.

ხახვი და მისი სასარგებლო თვისებები

ძველ ეგვიპტეში ცოცხანა ქალღმერთ ისიდას კურთხეულ მცენარედ მიიჩნეოდა და „ისიდას ცრემლი" ეწოდებოდა.

ძველ რომაელებსა და ბერძნებს მიაჩნდათ, რომ ცოცხანას ბედნიერება მოაქვს. მცენარე, ტრადიციულად, სახლში ჰქონდათ, რათა ავი სულებისგან დაეცვათ თავი. მისი ტოტებით წმენდნენ საკურთხეველს და ჩუქნიდნენ მას, ვისთვისაც სიკეთე სურდათ. ცოცხანას ყვავილებს კი ვაჭრობისა და გამდიდრების ღმერთს, მოგზაურთა მფარველ მერკურის უძღვნიდნენ.

ცოცხანასგან ამზადებდნენ დამცავ თილისმებს, რომელსაც რომაელი მეომრები ატარებდნენ. მათ სწამდათ, რომ ის ჭრილობებისგან დაიცავდა. გალები მიიჩნევდნენ, რომ მცენარე ჯადოებისგან იცავდა ადამიანს და მას „ეშმაკის შხამს" უწოდებდნენ.

ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები>>

ცოცხანას სამეცნიერო დასახელება Verbena (ვერბენა) ძველრომაული დასახელებიდან მოდის, რომელსაც მსხვერპლშეწირვისა და ქურუმების რიტუალებში მონაწილე მცენარეებს ანიჭებდნენ. სიტყვა Verbena, თავის მხრივ, ლათინურად „სიტყვას" ნიშნავს, რადგან ასეთ მცენარეებთან ფიცს დებდნენ.

მცენარეს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებდნენ.