ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა იტალიელები მოხიბლა

ახალგაზრდა პიანისტმა სპეციალური პრიზი „მაყურებლის სიმპათია" დაიმსახურა.
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი პიანისტი გიორგი გიგაშვილი იტალიელი კომპოზიტორის, პიანისტისა და დირიჟორის ფერუჩო ბუზონის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ერთბაშად ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაციას საკუთარ Facebook-გვერდზე თავად მუსიკოსი ავრცელებს.

კონკურსი იტალიის ქალაქ ბოლცანოში 28 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე პერიოდში გაიმართა.

გიორგი გიგაშვილი კონკურსის მესამე პრემიის ლაურეატი და სპეციალური პრიზის „მაყურებლის სიმპათიის" მფლობელი გახდა. ქართველ მუსიკოსს ჯილდოს სახით ხუთი ათასი ევრო გადაეცა.

გიორგი გიგაშვილი "ნიჭიერთა ათწლედის" კურსდამთავრებულია, გაიმარჯვა თბილისის პიანისტთა მეექვსე საერთაშორისო კონკურსში, არის ნიუ-იორკის გერშვინის სახელობის მეორე საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პრიზიორი. კონცერტებს მართავს საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში.

ბუზონის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი 1949 წლიდან ტარდება. პრესტიჟული კონკურსის პირველი პრემიის მფლობელთა შორისაა მსოფლიო სცენის ვარსკვლავი, ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილიც.