თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. წელს პირველი წელია, როდესაც ქვეყანაში თვითდასაქმებულების რაოდენობა 1%-ით ნაკლებია ოფიციალურად დასაქმებულ ადამიანებზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში.
კვირას პარლამენტმა გიორგი გახარიას, მის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა უნდა გამოუცხადოს.
მმართველ პარტიას ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საკმარისზე მეტი ხმები აქვს. ამისათვის საკმარისია მინიმუმ 76 ხმა, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა.
„თვითდასაქმებულების რაოდენობა ბოლო 5 წლის განმავლობაში შემცირებულია 20 პროცენტით. ეს არის ძირითადი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა, ის ტენდენცია, რაც უნდა გავაძლიეროთ და უნდა გვქონდეს ყურადღება გამახვილებული", - განაცხადა გახარიამ.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, უმუშევრობის დონე გასულ წელს საქართველოში 1,2%-ით შემცირდა და 12,7% შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ოფიციალურად დასაქმებული ადამიანების რაოდენობამ 2018 წელს თვითდასაქმებულთა რაოდენობას გადააჭარბა და დაახლოებით 51% შეადგინა.
ექსპერტების მოსაზრებით, უმუშევრობის დონის შემცირება ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ზრდაზე მიუთითებს.
2019 წელს დასაქმების და უმუშევრობის გამოთვლის მეთოდოლოგიაში ფუნდამენტური ცვლილებები შევიდა. კერძოდ, ერთ-ერთ უმთავრეს ცვლილებას წარმოადგენს საკუთარი მოხმარებისთვის მომუშავე თვითდასაქმებულთა (პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის სფეროში) სტატუსის მქონე პირთა გამორიცხვა დასაქმებულთა კატეგორიიდან.