ნათია თურნავამ გიორგი გახარიას მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი შეინარჩუნა.
ნათია თურნავა დაიბადა 1968 წლის 19 ოქტომბერს.
1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და 1994 წელს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი დაიცვა.
2005-2006 წლებში გაიარა ჰარვარდისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული სასწავლო კურსები. 2014 წელს დაამთავრა გაერთიანებული სამეფოს კამბრიის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის (ციურიხი) ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა და ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი გახდა.
1994-1996 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი. კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში საქართველოს უმაღლეს სკოლაში.
1997-2000 წლებში საქართველოს მთავრობაში იყო სახელმწიფო მრჩეველი, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილე, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი.
1998-2000 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2000-2005 წლებში თურნავა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.
2005 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა.
2005 წლის სექტემბრამდე 2006 წლის ნოემბრამდე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
2006-2013 წლებში იყო შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირე ქტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
2013 წლის აგვისტოდან 2018 წლის სექტემბრამდე თურნავა „საქართველოს საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.
2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აპრილამდე ეკონომიკისა და მდგრადი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.
2019 წლის აპრილში ეკონომიკისა და მდგრადი ეკონომიკის მინისტრი გახდა.
თურნავა 40 სამეცნიერო ნამუშევრის, სტატიისა და მონოგრაფიის ავტორია. გარდა ამისა, ორი წიგნის თანაავტორია.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
დაქორწინებულია, ჰყავს ერთი შვილი.