პრეზიდენტმა დიმიტრი ბაშკიროვი ღირსების მედლით დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი ბაშკიროვს მსოფლიო მუსიკის მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ წინანდლის ფესტივალში მონაწილეობით საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიოს მუსიკალურ რუკაზე.
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დღეს წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო, მსოფლიოში აღიარებული პიანისტი, 88 წლის დიმიტრი ბაშკიროვი ღირსების მედლით დააჯილდოვა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე.

ბაშკიროვს ჯილდო საქართველოს საფორტეპიანო სკოლის დაფუძნებასა და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის გადაეცა.   

სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი ბაშკიროვს მსოფლიო მუსიკის მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ წინანდლის ფესტივალში მონაწილეობით საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიოს მუსიკალურ რუკაზე.

„ყველა მუსიკალური ფესტივალი უდიდესი მოვლენაა ქართული კულტურისათვის. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ამ ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული პიანისტი და ჩვენი თანამემამულე დიმიტრი ბაშკიროვი მონაწილეობს. თქვენ, ბატონო დიმიტრი, დაიბადეთ თბილისში, რასაც საქართველო არასოდეს დაივიწყებს“, — მიმართა პრეზიდენტმა პიანისტს.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ბაშკიროვს, რომელიც თბილისში დაიბადა 1931 წელს, 80 წლის იუბილეზე თბილისის კონსერვატორიის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა, რაც, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართული მუსიკალური წრეების მიერ პიანისტის ღვაწლის აღიარება იყო.

წინანდლის საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი საქართველოს მთავრობასა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმატებული თანამშრომლობის შედეგად დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი ავი შოშანი, კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე. ფესტივალი „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით ტარდება.