ლილიკო ნემსაძე: მუსიკალურად ვეფერებოდი და ვუხსნიდი სიყვარულს იმ მომღერალს, რომელსაც...

ლილიკო ნემსაძე იხსენებს ბავშვობას და შემოქმედებითი ცხოვრების დაწყების დროს, იმ მომღერლებს, ვისთვისაც პირველად დაწერა სიმღერები.
Sputnik

„არასოდეს მინდოდა ორი პროფესია: ექიმობა და მუსიკოსობა, დანარჩენ სხვა პროფესიებზე ასე თუ ისე უფრო ვფიქრობდი, მუსიკოსობაზე ყველაზე ნაკლებად. ჩემს ცხოვრებაში რაღაცეები ძალიან სწრაფად მოხდა. მაშინ უნივერსიტეტში ვაბარებდი და ვერ მოვხვდი, ქულები დამაკლდა. მერე გადავწყვიტე, რომ კონსერვატორიაში ჩამებარებინა, სადაც აღმოჩნდა, რომ ძალიან რთული პროგრამა იყო ჩასაბარებელი. მე მაინც ვცადე, საგუნდო-სადირიჟოროზე, ვიფიქრე, ვცდი მეთქი, თუ ჩავაბარებ- ჩავაბარებ,“- ამბობს ლილიკო ნემსაძე სატელევიზიო გადაცემაში.

კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძე იხსენებს, რომ მის ოჯახში სიმღერა სულ იყო, ბიძაშვილებთან ერთად ხმებში მღეროდა ხოლმე, თუმცა მუსიკა შემოსავლის წყარო თუ გახდებოდა, ამაზე არასოდეს უფიქრია. საგუნდო მუსიკის წერა მეორე კურსზე ყოფნის დროს დაიწყო.