ტრაგედია დემნა უფლისწულისა, რასაც საქართველოს მზის აღმობრწყინება მოჰყვა

იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა, რამდენიც საქართველოს მეფის  წინააღმდეგ 1177 წელს მოწყობილმა ამბოხმა დაგვიტოვა, ალბათ არცერთ მოვლენას არ დაუტოვებია...
Sputnik

ვანო სულორი

საქართველოს ისტორიაში ბევრი თეთრი ლაქაა, ბევრი რამ ბუნდოვანია, მაგრამ იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა, რამდენიც საქართველოს მეფის  წინააღმდეგ 1177 წელს მოწყობილმა სამხედრო ამბოხმა დაგვიტოვა, ალბათ არცერთ მოვლენას არ დაუტოვებია.

ამ აჯანყების მიზანი იყო მეფე გიორგი მესამის ტახტიდან ჩამოგდება და მისი ძმისწულისა და ამირსპასალარ ივანე ორბელის სიძის, დემნა (დემეტრე) უფლისწულის გამეფება; საბაბი — უფლისწულის ლეგიტიმური უფლებების დაცვა, მიზეზი — მეფის მკაცრი პოლიტიკა, რამაც ქვეყნის ხელისუფალს უამრავი შიდა მტერი გაუჩინა. 

გიორგი მესამის მხრებზე უმძიმესმა წლებმა გადაიარა. ის საკმაოდ დიდი მასშტაბების პოლიტიკური ფიგურა გახლდათ, საქართველოს საზღვრებიც გააფართოვა და არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაც განახორციელა. 

მე, რომელიც თამარი ვარ: მეფე-ქალი და უიარაღოდ დამარცხებული მრისხანე სალადინი

მემატიანის თქმით, მეფე, რომელსაც „დავითიანობა და სოლომონიანობა მოჰგვარობდა, თავისი დიდი პაპის, დავით აღმაშენებლის მსგავსად, მაჰმადიან მმართველებს ხელიდან აცლიდა სამფლობელოებს - ძლევამოსილებით აღჭურვილი ერთგულსა და ორგულსაც იყმევდა“.

გიორგი მესამემ უზღვავი სისხლი დაღვარა მტრებთან ბრძოლაში. მართალია, ყოველ ჯერზე მის წინააღმდეგ მთელი აღმოსავლეთის მუსლიმები ერთიანდებოდნენ ხოლმე, მაგრამ „ლომთა უმხნესმა და არწივთა უმაღლესმა“, როგორც  ერთი  სომეხი მემატიანე წერს,  „შეაძრწუნა ყოველი სპარსეთი და თურქისტანი“.

არა მხოლოდ საგარეო სარბიელზე იყო მეფე გიორგი ასეთი ძლიერი, ქვეყნის შიგნითაც მკაცრ ცენტრალისტურ პოლიტიკას ატარებდა და ამის შემდეგ გასაკვირიც არ არის, რომ დიდი ფეოდალები აუმხედრდნენ.

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ 1155 წელს მოულოდნელად გარდაცვლილ მეფე დავით მეხუთეს დარჩა მცირეწლოვანი ძე დემეტრე (დემნა). მართალია, ტახტი ჯერ დავითის მამამ, დემეტრე პირველმა დაიბრუნა, მერე კი ძმამ, გიორგი მესამემ დაიკავა, მაგრამ სამეფო სკიპტრის ფლობაზე არანაკლები უფლებები გააჩნდა დემნა ბატონიშვილს. სანამ უფლისწული მცირეწლოვანი იყო, მეფე გიორგი საფრთხეს ვერ გრძნობდა, მაგრამ, როდესაც წამოიზარდა, მისი განეიტრალება გადაწყვიტა და ცოლად თავისი ერთგული ვაზირის, ამირსპასალარ ივანე ორბელის ქალიშვილი შერთო. ამით მეფემ თავიდან აიცილა უშუალო კონკურენტის უცხო სამეფო გვართან დანათესავება და შესაბამისად, გარე ძალების გამოყენება დემნას გასამეფებლად. 

შამქორის ბრძოლა: წვერებით ნათრევი ამირა-სულთნები და გაქცეული აბუ-ბექრი

ივანე ორბელი მეფის შემდეგ პირველი კაცი იყო და დემნა ვერაფერს შესთავაზებდა იმაზე მეტს, რაც უკვე გააჩნდა პირველ ვაზირს — თანამდებობა, სახელი, დიდება, ფული, ქონება. აი, ურჩობის შემთხვევაში კი, პირველი ვაზირი ყველაფერს დაკარგავდა. ამიტომაც ვერ წარმოედგინა გიორგი მესამეს ამირსპასალარის ღალატი და 1177 წლის ამბოხება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის.

მეფის მუდმივი საზრუნავი, რომელიც საგონებელში აგდებდა გიორგის III-ს, მისი ერთადერთი ქალიშვილის, თამარის გახელმწიფება იყო. საფიქრალი  და სადარდებელი აქ ის გახლდათ, რომ მეფის ეს განზრახვა დიდებულთა გამოწვევას გულისხმობდა, ვინაიდან ირღვეოდა საქართველოში ოდითგან მომდინარე წესი.

ეს, რაღა თქმა უნდა, კარგად უწყოდა მეფე გიორგიმ, მაგრამ იმდენად იყო დაჯერებული თავის ძალებში, რომ ხელი არ აუღია განაზრახზე. ამიტომაც დაივიწყა ადრე დადებული პირობა, როგორც კი დემნა გაიზრდება, ტახტს დავუთმობო.  

დემნა ბატონიშვილი წამოიზარდა, მისი გამეფების დრო დადგა, მაგრამ გიორგი მესამე ტახტის დათმობას არ აპირებდა. ამის გამო დიდებულთა ნაწილმა ფარულად პირი შეკრა, მათ მეფის შეპყრობა, მოკვდინება ან მონასტერში გაშვება და ტახტზე დემნას აყვანა განიზრახეს.  

წყაროების ცნობით, ამირსპასალარმა ივანე ორბელმა აგარანში (ახლანდელი შინდისის, ტაბახმელის, კოჯრისა და წავკისი ტერიტორია) 30 ათასიანი ლაშქარი შეკრიბა და მეფის დასატყვევებლად დაიძრა. მანამდე ის ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა დიდგვაროვნებთან და საბოლოოდ, მათი გადაბირება შეძლო. აჯანყებულთა ბანაკში აღმოჩნდნენ დიდგვაროვანთა უმრავლესობა, ანუ „ყველა ორბელთა და ყოველთა ტომთა და მიმდგომთა მათთა სამცხეთა, ჰერთა, კახთა და სადაცა ვინ ნათესავი  და ნატამალი მსმენარი მათდა იყო“.

თამარ-მეფის სიყვარულს დანატრებული, უარყოფილი და ბოგანოდ ქცეული უფლისწულები

სწორედ მათ აკურთხეს დემნა მეფედ აგარანის ციხეში...

მეფე გიორგი მესამე მცირე ამალით თბილისთან ახლოს იდგა სახატეში „განსუენებით“. მაგრამ აჯანყებულებმა მაინც ვერ მოახერხეს მისი შეპყრობა. საქმე ისაა, რომ მეფეს ერთი აზნაურის ნაყმევი, „უგვარო“ აფრიდონი ეახლა და ამცნო ქვეშევრდომთა შეთქმულების შესახებ. გიორგი მესამე თავს დაცემულ ამბოხებულებს დაუსხლტა და მოღალატეებს განზრახვა ჩაეშალათ.  

გიორგი მესამემ თბილისში შეასწრო და იქ გამაგრდა. ხელმწიფეს მიემხრო ყივჩაღური გვარდია ყუბასარის სარდლობით. ეს იმ ყივჩაღთა შთამომავლები კი არ იყვნენ, რომლებიც დავით აღმაშენებელმა ჩამოასახლა საქართველოში, არამედ „ახალი ყივჩაღები“, როგორც მათ მემატიანე უწოდებს — დაქირავებული მეომრები.

მალე მეფესთან მანდატურთუხუცესი ჭიაბერიც გამოცხადდა და მის დაქვემდებარებაში მყოფი მეომრები მიაშველა. მეფის ლაშქარში იყვნენ დვალები და საქართველოს მთიანეთის სხვა კუთხეთა მოლაშქრენი. მეფე შეტევაზე გადავიდა, კოჯორში დაბანაკებულებზე იერიში მიიტანა და მოწინააღმდეგენი დაფანტა. მისმა მომხრეებმა დაიკავეს სამშვილდე, მერე კი კახეთში ილაშქრეს და აჯანყება იქაც ჩააქრეს.

ამის შემდეგ მთელი რისხვა ქვემო ქართლში, ლორეს ციხეში დაბანაკებულ აჯანყებულებს დაატყდათ. მეფის წარმატებებმა ამბოხებულთა ისედაც მყიფე ერთიანობა ნამსხვრევებად აქცია. დიდებულებმა, თავი რომ გადაერჩინათ, ერთი მეორის მიყოლებით იწყეს მეფის ბანაკში გადასვლა. პირველი გამრეკელ-თორელი ეახლა მეფეს და პატიება სთხოვა. მას მიჰყვნენ გრიგოლ ანელი,  მხარგრძელები და სხვანი. ასე თანდათან დასუსტნენ ივანე ორბელი და მისი მომხრეები, სამაგიეროდ გაძლიერდა გიორგი მესამეს სამხედრო ძალა.

რას მიირთმევდა საუზმეზე ვახტანგ გორგასალი და რითი ვახშმობდა თამარ მეფე

თავდაპირველად მეფემ ამბოხებულებთან მოლაპარაკება გამართა. ჩანს, ან გამარჯვების იმედი არ ჰქონდა, ან დიდ სისხლისღვრას მოერიდა. ივანე ორბელმა ჯერ არ ისურვა მეფესთან კონტაქტი, მაგრამ საქმე ცუდად რომ წაუვიდა, ამირსპასალარმა გიორგის ძმისწულისთვის სამეფოს გაყოფა მოსთხოვა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მეფისთვის.

აჯანყებულთა რიგები კი თანდათან თხელდებოდა.  მაშინ ივანე ორბელმა საქართველოს მოსისხლე მტრებს, შაჰ არმენსა და  ელგუზ ათაბაგს სთხოვა დახმარება. „ურჯულო“ მეფის ასეთი აღზევება სელჩუკი მეზობლებისთვისაც მიუღებელი გახლდათ და დახმარებაზე თანხმობა განუცხადეს ქართველ მოღალატეებს. თუმცა, საქმე დაპირების იქით არ წასულა, სელჩუკებმა ვერ გარისკეს საქართველოს საშინაო საქმეები ჩარევა...

მეფის მხარეზე გადასულმა ერისთავებმა  წერილი გაუგზავნეს ივანე ორბელს, ურჩევდნენ, თავადაც დამორჩილებოდა გიორგის და უფლისწულიც გადაეცა მისთვის, მაგრამ ამირსპასალარმა უარი განაცხადა.

ბოლოს „ერთგული“ ერისთავებისაგან მიტოვებული უფლისწული დემნა მიხვდა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ლორეს ციხიდან მალულად საბლით დაეშვა და ბიძას ეახლა — პატიება და სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა.

ეს უკვე აჯანყების დასასრული იყო. შეწყალების თხოვნით ეახლა მეფეს ივანე ორბელიც. 

„სისხლი სისხლისა წილ“, ანუ მეფე თამარის სასტიკი შურისძიება სომეხთა გაჟლეტისთვის

დიახ, აჯანყება დასრულდა, მაგრამ ტრაგედია ამის შემდეგ დაიწყო. მეფემ სასტიკად დასაჯა ამბოხებულები, განსაკუთრებით კი ძმისწული, რომელსაც თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს.

რაც შეეხება ორბელებს, მეფემ ჯერ თვალები დათხარა ივანე ორბელს, ხოლო შემდეგ, ძმასთან და შვილებთან ერთად, სიკვდილით დასაჯა. მეფემ სასჯელი დარბაზის გადაწყვეტილებით გამოიტანა და საეკლესიო შეჩვენებით დაამტკიცა.

აჯანყების ჩახშობის შემდეგ, დიდგვაროვან დამნაშავეთა დიდი ნაწილი შეაჩვენეს, მამულები და თანამდებობები ჩამოართვეს და ქვეყნიდან განდევეს. მეფემ მათ მაგივრად  თანამდებობებზე უგვარო, მაგრამ ერთგული თანამებრძოლები დააწინაურა. ნაყივჩაღარმა ყუბასარმა ამირსპასალარობა მიიღო, ხოლო აზნაურის ნაყმევმა აფრიდონმა — ერისთავთ-ერისთავობა და მსახურთუხუცესობა.

მეფის მრისხანება ამით არ დასრულებულა. მან ქართულ ეკლესიას აჯანყების ყველა მონაწილე დააწყევლინა, რის სანაცვლოდაც შეუვალობა მისცა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ეკლესია გადასახადებისგან თავისუფლდებოდა...

1178 წელს გიორგი მესამემ საეკლესიო კრება მოიწვია და დიდი პრივილეგიები მიანიჭა ეკლესიას. სანაცვლოდ კი თანამოსაყდრედ თამარის გამოცხადება მოითხოვა.

და ასე დაიწყო „ამობრწყინება მზემან საქართველოისა“...