საყოველთაო სენი: როგორ დავაღწიოთ თავი ინტერნეტ-დამოკიდებულებას

არაფერი ზედმეტი არ ვარგა, მათ შორის, არც ინტერნეტი. მრავალი ადამიანისთვის ვირტუალური ცხოვრება ნამდვილს ანაცვლებს, რაც საბოლოო ჯამში ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. გადადეთ ტელეფონები, მეტი ყურადღება მიაქციეთ რეალურ ცხოვრებას და დატკბით ჯანსაღი პროგრესით.
Sputnik

გუშინ მტკიცედ გადავწყვიტე – ინტერნეტს და, ზოგადად, ტექნიკას ერთი კვირით გვერდზე გადავდებ და აღარ გამოვიყენებ–მეთქი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი. ერთი კვირა კი არა, ერთი დღეც ვერ გავუძელი. ღამით, ძილის წინ ჩემდაუნებურად მაინც წამიცდა ხელი. ორი წუთით ახალ ამბებს გადავხედავ–მეთქი, მაგრამ ნახევარსაათიანი „სქროლვის“ შემდეგ გავაანალიზე, რომ ვერც კი მივხვდი, ისე ჩამითრია სოციალურმა ქსელმა. სწორედ მაშინ გამიჩნდა შეკითხვა – ვართ თუ არა დამოკიდებულები ტექნიკაზე ან, საერთოდ, ვიცით თუ არა მისი სწორად გამოყენება?

დღეს კომპიუტერი და ინტერნეტი ყველგანაა, სახლებში თუ სამსახურებში, შესაბამისად, რთულია ტექნიკასთან გატარებული დროის კონტროლი.

ინტერნეტი ახალგაზრდებს უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს, ისეთ რამეს, რასაც ყოველდღიურობა ვერ ახერხებს: სწრაფი კონტაქტი გარე სამყაროსთან, უამრავი გასართობი სახლიდან გაუსვლელად, ვიდეოები, მუსიკა, ახალი ამბები. ძნელია ასეთ რამეზე უარი თქვა, მაგრამ თავის გაკონტროლება მაინც აუცილებელია.

როგორ გავუმკლავდეთ უძილობას – ვისაც ცხვრების თვლა უკვე მოსწყინდა

სოციალურმა ქსელმა გაამარტივა დროსა და სივრცეში დაშორებული ადამიანების კონტაქტი. ამის პარალელურად კი აშკარა ხდება რეალური ურთიერთობებისა და ემოციების სიმცირე. ინტერნეტის ჭარბი მოხმარება დამოკიდებულებას იწვევს. ინტერნეტზე დამოკიდებულება კი ადამიანის პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

დამოკიდებულები ხშირად კომპლექსიანი, შეუმდგარი ადამიანები ხდებიან, ჩაკეტილი პიროვნებები, ვისაც უჭირს საზოგადოებრივ წრეებთან ურთიერთობა. ასეთ ადამიანებს უკეთესად გამოსდით სოციალურ ქსელში ხალხთან კონტაქტი და ემოციების გამოხატვა. ეკრანის მიღმა კომპლექსებსაც უფრო მარტივად მალავენ და იდეალურ ვირტუალურ ცხოვრებას იქმნიან. მათ უდავოდ დახმარება სჭირდებათ, მაგრამ სანამ რეალურ ცხოვრებაში შეძლებდნენ სოციუმში რეალიზებას, მანამდე ინტერნეტზე დამოკიდებულების პრობლემაა მოსაგვარებელი.

ამაში კი ციფრული დეტოქსიკაციის ხერხი დაგვეხმარება. ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს პრობლემა სერიოზულად დგას, ციფრული დეტოქსიკაციისთვის სპეციალური ცენტრები არსებობს. საქართველოში ასეთი დაწესებულებები არ გვაქვს, მაგრამ სახლის პირობებშიც შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. მთავარი მონდომებაა.

არსებობს საშიშროება, რომ ადამიანმა კომპიუტერივით ფიქრი დაიწყოს?

ციფრული დეტოქსიკაციის პროცესი შეგიძლიათ სიის შედგენით დაიწყოთ – ჩამოწერეთ ყველა ის გაჯეტი თუ მოწყობილობა, რომელსაც, თქვენი აზრით, გადაჭარბებული დოზით იყენებთ, შემდეგ აღწერეთ დღეში რამდენჯერ გექნებათ მასთან შეხება. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად სერიოზულია თქვენი პრობლემა და, საერთოდ, ხართ თუ არა დამოკიდებული ინტერნეტზე, თუ უბრალოდ უსაქმურობის გამო ეტანებით ასე ძალიან ტექნიკას.

დაუწესეთ საკუთარ თავს შეზღუდვები, გამოყავით გარკვეული დრო მოწყობილობებთან ურთიერთობისთვის და მკაცრად აკონტროლეთ იგი. რის შედეგადაც მეტი დრო დაგრჩებათ თქვენი საყვარელი საქმიანობისთვის ან, თუნდაც, რეალური მეგობრებისთვის. თუ თქვენ არ იცით რა უნდა აკეთოთ თავისუფალ დროს, თუ არა ისევ ინტერნეტში ძრომიალი, შემიძლია ამისთვისაც მოგცეთ რჩევა: გააკეთეთ კიდევ ერთი სია, სადაც ჩამოწერთ ყველა იმ საქმეს, რაც გიყვართ, თუმცა ჯერჯერობით ვერ ან არ აკეთებთ. დაგებადებათ ახალი იდეები, თქვენში გამოცოცხლდება კრეატივი და მიხვდებით, რომ ცხოვრებაში ინტერნეტის გარდა სხვა მრავალი გასართობიც არსებობს.

უნდა იყოს თუ არა მოზარდი სოციალური ქსელის მომხმარებელი – ფსიქოლოგის განმარტება

შეზღუდვები აუცილებელია, მაგრამ ნუ დაიწყებთ ციფრული დეტოქსიკაციის პროცესს ტექნიკისგან სრული ჩამოშორებით. ეს თქვენ მიზანს უბრალოდ მიუღწეველს გახდის. დაიწყეთ მცირე აკრძალვებით, მაგალითად, სადილის დროს უარი თქვით  ინტერნეტის გამოყენებაზე, ან, თუნდაც, მგზავრობისას ტელეფონი გვერდზე გადადეთ და მეტი ყურადღება ბუნებას მიაქციეთ. ცოტა ხანში კი შეძლებთ ნელ-ნელა შეზღუდვების დროის გაზრდას და საბოლოო ჯამში თქვენთვის სასურველ მიზანს მიაღწევთ.

მთავარია გაანალიზოთ, რომ პრობლემა გაქვთ, ყველაზე ძნელი ეს ნაწილია. მიხვდეთ, რომ უფრო მეტ დროს ხარჯავთ ვირტუალურ ურთიერთობებზე, ვიდრე ნამდვილ ცხოვრებაზე, დანარჩენი კი მარტივია. მოუყევით თქვენს ახლობლებს თქვენი პრობლემის შესახებ, გახდით მისაბაძი მაგალითი მათთვისაც და მათთან ერთად ებრძოლეთ ამ მავნე ჩვევას. ეს მეტ მოტივაციას მოგცემთ. გადააგდეთ ტელეფონები თუნდაც ერთი კვირით, მეტი ყურადღება მიაქციეთ ნამდვილ სამყაროს და, მერწმუნეთ, აუცილებლად მიხვდებით, რომ ინტერნეტი ცხოვრებისთვის არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ეს თქვენ გგონიათ.