თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკრებულოების შუალედური არჩევნები დანიშნა, ნათქვამია ცესკოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცესკო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.
შუალედური არჩევნები ჩატარდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში, ადიგენის მუნიციპალიტეტის არლის თემსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში. არჩევნები ჩატარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში 6776 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე გამოცხადდა შესარჩევი კონკურსი ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.
„დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები“, — ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
ცესკომ დღესვე დაადგინა საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა — მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 50 ამომრჩევლის ხელმოწერით. სხდომაზევე განისაზღვრა სახელმწიფოს მიერ შუალედური არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესიც.