წულუკიანი წვევამდელების მიერ ციხეების დაცვის წინააღმდეგია

დღეს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებს 411 წვევამდელი იცავს.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი მომხრეა, რომ ციხეები დაიცვან არა წვევამდელებმა, არამედ საკონტრაქტო სამსახურში მყოფმა სამხედროებმა.

სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემა შეიძლება შეიცვალოს >>

ახალგაზრდებმა არაერთხელ გამოხატეს პროტესტი იმის გამო, რომ მათ ჯარში გაწვევის შემდეგ ციხეებისა და სახელმწიფო შენობების დაცვა უწევთ. ბევრი მათგანი სამხედრო სამსახურიდან თავის არიდებას სწორედ ამ მიზეზით ხსნის. ამაში მათ ოპოზიციური გაერთიანება „გირჩის“ წევრებიც ეხმარებიან, რომლებმაც დაარეგისტრირეს ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება". ისინი ახალგაზრდებს „მღვდელმსახურად“ აკურთხებენ, რაც მათ ჯარიდან გადავადების შესაძლებლობას აძლევს.

„იმისთვის, რომ ციხეების გარე პერიმეტრი დავიცვათ, უსაფრთხოება დავიცვათ 15 პენიტენციური დაწესებულების, დღეს ჩვენ დაახლოებით გვჭირდება 1500 წვევამდელი, რადგან სისტემაში მუშაობს წვევამდელის სისტემა. დღეს ჩვენ გვყავს 411 წვევამდელი. მე არ ავხსნი, რადგან არ არის საჭირო, ეს რას ნიშნავს და რა რისკებთან ვდგავართ. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ სრულად ან ეტაპობრივად გადავიდეთ საკონტრაქტო სამსახურზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, უკვე მომდევნო წელს სამინისტრო შეეცდება მოიძიოს საშუალებები, რათა თუნდაც ორი ციხის დაცვა საკონტრაქტო სამსახურმა უზრუნველყოს.

საქართველოში 18-დან 50 წლამდე ყველა მამაკაცი შეიძლება რეზერვისტი გახდეს

„1500 პირის ნაცვლად გვიცავს 411 წვევამდელი, რომლებსაც ასევე მივესალმები. უნდა ვაღიარო, მათ არ უხარიათ ჩვენთან სამსახური, მაგრამ ჩვენ თუ წვევამდელის რეჟიმზე დავრჩებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ჩვენთან ჯარში სამსახური უხაროდეთ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ყველაფერს გავაკეთებ, ჩემ კოლეგებთან, ახალ თავდაცვის მინისტრთან ერთად, რომ ამ პრობლემაზე ვიმუშაო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოში სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა 12 აგვისტოს დაიწყო და 28 დეკემბერს დასრულდება. სამხედრო სამსახურში გაიწვევენ 4,1 ათასზე მეტ ახალგაზრდას, საიდანაც თავდაცვის ძალებში მხოლოდ 1,5 ათასი ადამიანი იმსახურებს. დანარჩენებს დაცვის ფუნქციით გადაანაწილებენ პენიტენციურ სამსახურში (1200 ადამიანი), შსს-ს გასამხედროებულ ქვედანაყოფში (1200 ადამიანი) და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (200).

დეპუტატის ინიციატივა: მართლმადიდებელი მღვდლების გარდა ყველა სასულიერო პირს ჯარში გაიწვევენ >>

დაახლოებით ორი წლის განმავლობაში 18-დან 27 წლამდე 15 ათასზე მეტი ახალგაზრდა სავალდებულო სამსახურში ვერ გაიწვიეს, რადგან ისინი „გირჩის" მიერ შექმნილი ორგანიზაციის „მღვდელმსახურები" გახდნენ. ჯარში სამსახურის ვადა 12 თვეა.