ნობელის პრემიის ლაურეატმა მარიო ვარგას ლიოსამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა

თბილისში იმედოვნებენ, რომ მწერალი საქართველოში ჩამოსვლას მომავალ წელს მაინც შეძლებს.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ნობელის პრემიის ლაურეატმა, 82 წლის პერუელმა მწერალმა, ესეისტმა და ჟურნალისტმა მარიო ვარგას ლიოსამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა. ის საქართველოში 17 სექტემბერს უნდა ჩამოსულიყო, ნათქვამია გამომცემლობა „ინტელექტის" განცხადებაში.

სპანელი პოეტები და მწერლები თბილისში ქართველ მკითხველებს შეხვდებიან>>

ლიოსას ჩამოსვლის შესახებ ცნობილი იანვარში გახდა. ხუთდღიანი ვიზიტის მსვლელობისას მას მონაწილეობა უნდა მიეღო თავისი რომანის „საუბარი კათედრალში" ქართული თარგმანის პრეზენტაციაში, ასევე შეხვედროდა ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებსა და მთარგმნელებს, სტუდენტებსა და მკითხველს.

ქართველმა მწერალმა ევროკავშირის ლიტერატურის პრემია მიიღო

ეს ლიოსას პირველი ვიზიტი იქნებოდა კავკასიაში.

მარიო ვარგას ლიოსა თბილისს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით და გამომცემლობა „ინტელექტთან" თანამშრომლობით უნდა სწვეოდა. ვიზიტის მხარდამჭერი იყო ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, პროექტის სპონსორი – სასტუმრო „სტამბა".

ლიოსას რომანის მთარგმნელის ლანა კალანდიას თქმით, რომელსაც ავტორთან აქვს კავშირი, მწერლის ვიზიტი იმიტომ აღარ გაიმართება, რომ მიმდინარე წლის ივნისში წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს მწერალთა სახლი გაუქმდა.

კალანდიას აზრით, უწყებების რეორგანიზების წინ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მარიო ვარგას ლიოსას ვიზიტის მნიშვნელობა.

გრაფიტი, როგორც პროტესტის ფორმა - თბილისელი მხატვრები მწერალთა სახლის გაუქმების წინააღმდეგ>>

„კულტურის სამინისტროს... არ უნდა დაეწყო სამინისტროს რეორგანიზაციის პროცესი თუნდაც იმ დრომდე, სანამ ეს, უკვე ბოლომდე მიყვანილი, დასრულებული და შეთანხმებული პროექტი არ დასრულდებოდა… ასევე მიმაჩნია, რომ არ არსებობდა არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენ ბოლომდე ჩაგვეყენებინა ლიოსა საქმის კურსში და ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ ეს პროექტი შეგვენარჩუნებინა", – აღნიშნა მთარგმნელმა.

როგორც ლანა კალანდია აღნიშნავს, რომანის „საუბარი კათედრალში" თარგმნა უკვე რამდენიმე კვირის წინ დაასრულა. ახლა მთარგმნელი ავტორისთვის წიგნის გაგზავნას აპირებს, რომელსაც დაურთავს პირად წერილს თხოვნით, რომ ის მაინც ეწვიოს საქართველოს.

კულტურის სფეროში ფუნდამენტური რეფორმა იწყება

ნობელიანტთან მოლაპარაკებებს განაგრძობს ასევე გამომცემლობა „ინტელექტი", რომელმაც ვიზიტის გადადების გამო იზარალა, რადგან პრეზენტაციაზე ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია.

რაც შეეხება წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას, შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კომპლექსური მასშტაბური რეფორმის ფარგლებში მიიღო. რეფორმის ძირითადი ნაწილი გახდება კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა, რომელიც სამინისტროს მიერ შემუშავებულ პოლიტიკას შეასხამს ხორცს.

ახალი ფონდის დირექტორად ლიტერატურათმცოდნე, ავტორი, საერთაშორისო საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი და შემსრულებელი ირმა რატიანი დაინიშნა. ფონდი საქმიანობას 2020 წლის 1 იანვრიდან შეუდგება. მისი ბიუჯეტი 50 მლნ ლარი იქნება.

1936 წელს პერუში დაბადებული მარიო ვარგას ლიოსა ცნობილია არა მხოლოდ როგორც ლიტერატორი, არამედ როგორც თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნე. სამხრეთამერიკელი ავტორი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.

ნობელის პრემიის ლაურეატმა მარიო ვარგას ლიოსამ საქართველოში ვიზიტი გააუქმა

მარიო ვარგას ლიოსა 20-მდე რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. მან ნობელის პრემია ლიტერატურაში 2010 წელს მიიღო „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის".

მისი წიგნებიდან ქართულად ასევე ნათარგმნია: „დეიდა ხულია და სცენარისტი", „ცუდი გოგოს ოინები", „ვაცის ნადიმი", „ქალაქი და ძაღლები" „ხუთი კუთხე".