მანდატურის სამსახური საქართველოს სკოლების 80%-ში იმუშავებს

სასწავლო წლის დასაწყისამდე სკოლის მანდატურებს მეტალოდეტექტორებს დაურიგებენ.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. სკოლის მანდატურის სამსახური წელს საჯარო სკოლების 80%-ში იფუნქციონირებს, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში.

„დღევანდელი მონაცემებით, სკოლების 80% გადაფარული გვექნება, სადაც მანდატურის სამსახური იფუნქციონირებს. ეს მომავალ წელსაც გასაგრძელებელი პროცესია. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელსაც დავამატებთ მანდატურებს დაახლოებით 130 სკოლაში და სკოლების 85% გვექნება გადაფარული", – განაცხადა ბატიაშვილმა.

საქართველო სკოლების რემონტსა და მშენებლობაზე 70 მილიონ ევროს დახარჯავს

დანარჩენ სკოლებში, სადაც არ არიან მანდატურები, სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლები იმუშავებენ, რომლებსაც ბავშვების უსაფრთხოებაზე დაეკისრებათ პასუხისმგებლობა. მათი რაოდენობა 550 იქნება.

მანდატურები სკოლებში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, 2010 წელს პროგრამა „უსაფრთხო სკოლის" ფარგლებში გამოჩნდნენ. მანდატურის სამსახური განათლების სამინისტროს უშუალო დაქვემდებარებაშია.

უსაფრთხოება სკოლებში განათლების სისტემის რეფორმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. 2021 წლამდე ქვეყნის პოლიციის აკადემიაში 1,3 ათას მოქმედ მანდატურს გადაამზადებენ.

ცვლილებები, პრობლემები, აღმოჩენები და ისევ რეფორმების მოლოდინი – 2019 წელი განათლებაში>>

გარდა ამისა, დაგეგმილია სკოლის მანდატურის სამსახურთან ფსიქოლოგიური ცენტრების გაძლიერება. შეიქმნება რვა რეგიონული ცენტრი. 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურებს მეტალოდეტექტორებს დაურიგებენ.

საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა.