ფრთხილად, მძღოლებო! საქართველოში „ჭკვიანი კამერების" რიცხვი გაიზარდა

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით სულ ჩართულია 3 952 ვიდეოკამერა, მათ შორის, 1345 ნომრის ამომცნობი და 2607 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვისა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით სიჩქარის მზომი სექციური "ჭკვიანი" კამერები თბილისი–წითელი ხიდის გზის ოთხ ლოკაციაზე ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტომობილებს, რომლებსაც ტექდათვალიერება არ გაუვლიათ, „ჭკვიანი" კამერები დააჯარიმებს

„ჭკვიანი კამერების“ მთავარი უპირატესობა, რომლებიც საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა, მდგომარეობს იმაში, რომ მათ შეუძლიათ გამოავლინონ სამართალდამრღვევი ავტომობილის სანომრე ნიშანი და ავტომატურ რეჟიმში გამოწერონ ჯარიმა.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სულ ჩართულია 3 952 ვიდეოკამერა, მათ შორის, 1345 ნომრის ამომცნობი და 2607 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმაში აქვს 2019 წლის ბოლომდე ვიდეოკამერების რაოდენობის დაახლოებით 5 ათასამდე გაზრდა, მათ შორის 2,1 ათასი „ჭკვიანი კამერა“ იქნება. რადარები საავტომობილო გზების დაახლოებით 700 კილომეტრს დაფარავს.

შსს-მ გზებზე კონტროლის გამკაცრება ავარიების შედეგად სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო გადაწყვიტა.

შსს-ს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში 17,5 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 224 და დაშავდა 3,7 ათასზე მეტი ადამიანი. აღნიშნულ პერიოდში სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით 134 ავარია მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 27, ხოლო დაშავდა 214 ადამიანი.

საგზაო მოძრაობის მიმართულებით სტატისტიკის გაანალიზების და სიტუაციის შესწავლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ღონისძიებებს ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად.