ყვითელი ამბები

„გიორგი დღეს ნახევარი საუკუნის გახდა“ – მაკა ჩიჩუა გიორგი მარგველაშვილს იუბილეს უთბილესი ფოტოთი ულოცავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს დაბადების დღეს ზეიმობს. ქვეყნის რიგით მეოთხე მთავარსარდალი 1969 წელს დაიბადა. მაკა ჩიჩუამ საყვარელ მეუღლეს სოციალური ქსელით მიულოცა. მილოცვას ოჯახური, თბილი ფოტო დაურთო.
Sputnik

ქართველი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი კარიერის მანძილზე გულახდილობით გამოირჩეოდა და სწორედ ამ დადებითი თვისებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას. მისი ცხოვრების წესი პრეზიდენტობისას ყველას ძალიან აინტერესებდა. მაგრამ ქვეყნის მმართველის პოზიციის დატოვების შემდეგ მის მიმართ ინტერესი არ განელებულა. ექს-პრეზიდენტის ცხოვრების წესის გასაშუქებლად ევროპული მასმედიის სხვადასხვა წარმომადგენლები დიდი სიამოვნებით ჩამოდიან.

რთული და საპასუხისმგებლო პოსტის დატოვების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა ოჯახთან ერთად დუშეთის სახლში გადაწყვიტა ცხოვრების გაგრძელება. როგორც თავად სიცილით ამბობს, მისი ერთი ჩვეულებრივი დღე „ბალგარკით“, წიგნით, ჭამითა და ძილით არის მოცული. ეზო ვარდებით, გვირილებით, უშველებელი ხეებით, მაკას მიერ შექმნილი ნახატებითა და ვინტაჟური ნივთებითაა მოწყობილი.

გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას ორი საერთო ვაჟი ჰყავთ – თემო და თომა. მათი გარემო ჰარმონიული და მშვიდია, ბუნებით, სიმწვანით არის გარშემორტყმული. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს კარმიდამოს დიდი ნაწილი საკუთარი ხელით აქვს აშენებული. 80 დოლარი ერთ დღე-ღამეში – ამ ფასად ნებისმიერ მსურველს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ხელით აშენებულ სახლში ღამის გათენება შეუძლია.

იუბილარს მეუღლემ სოციალური ქსელით მიულოცა დაბადების დღე. მაკა ჩიჩუამ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თემო და გიორგი მარგველაშვილი მზესუმზირებით სავსე მაგიდასთან დგანან. გამოქვეყნებულ სურათს უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილები ახლავს. ჩვენც ვულოცავთ საქართველოს ყოფილ, განსხვავებულ პრეზიდენტს!