თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. პოლიციელი თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის გასამართლებული არ უნდა შეეწყალებინათ, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების კომენტარისას.
ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდა რამაზ დევაძეც, რომელიც 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. აღნიშნულმა ფაქტმა პოლიციელის ოჯახის, ოპოზიციის წევრებისა და რიგითი მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. ორშაბათს ოპოზიციამ პრეზიდენტის რეზიდენციასთან ამის გამო საპროტესტო აქციაც გამართა.
„ვფიქრობ, როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის და ისეთი ადამიანის მკვლელობა, რომელიც არის სახელმწიფოს სახე და სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელზეც დგას სახელმწიფო, ასეთი ადამიანების სიცოცხლის ხელყოფისთვის ციხეში მყოფი ადამიანის შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. მე ამას არ ვისურვებდი", – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.
მისი სიტყვებით, დევაძის შეწყალება სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა.
როდესაც დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით სკანდალი დაიწყო, ზურაბიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა. მაშინ მან განაცხადა, რომ კომენტარს მხოლოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს. მეტიც, პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ევროპაში მისი ვიზიტის დროს, სადაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, ყურადღების სხვა თემაზე გადატანა ხდება.