სირცხვილის დერეფანი პრეზიდენტისთვის: ოპოზიციამ ზურაბიშვილს პასუხი მოსთხოვა

რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან „სირცხვილის დერეფანი“ მოაწყო. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო აქციიდან
Sputnik

რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან „სირცხვილის დერეფანი“ მოაწყო. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო აქციიდან

საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „უპასუხისმგებლო პრეზიდენტი“, „სირცხვილია“, „ვინ დაგავალა შეწყალება?“ აქციის ორგანიზატორი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო.

საპროტესტო აქციის მონაწილეები არიგებდნენ სტიკერებს  „ქურდების პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელი შეიწყალა“.

22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში 2014 წლის 27 დეკემბერს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, მასა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს შორის კამათი დაიწყო, რა დროსაც დევაძემ პოლიციელს სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავში ესროლა მას. მუკბანიანი ადგილზე გარდაიცვალა. 

205 წლის სექტემბერში დევაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. რამდენიმე დღის წინ კი, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ის ციხიდან გაათავისუფლეს.

ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის აღმოჩნდა რამაზ დევაძეც.

საქართველოს პრეზიდენტი საპროტესტო აქციის მონაწილეებთან არ გასულა, მანამდე კი საერთოდ უარი თქვა ამ თემაზე რაიმე კომენტარის გაკეთებაზე.

ექსპერტები საქართველოში მცხუნვარე შემოდგომას პროგნოზირებენ — საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ოპოზიცია ნებისმიერ მიზეზს გამოიყენებს ხელისუფლების კრიტიკისთვის.