გამოცხადდა საქართველოს ახალი მთავრობის დამტკიცების თარიღი

გიორგი გახარია ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 8 სექტემბერს გამართულ პარლამენტის სხდომაზე უნდა დაამტკიცონ.
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, მის მიერ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე 8 სექტემბერს იმსჯელებს, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე.

საპროტესტო აქციის ფონზე გამართულ პარლამენტის სხდომაზე სიმშვიდეა

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის მეთაურის პოსტზე საკუთარი მისია შეასრულა, თუმცა რჩება მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრად.

მმართველმა პარტიამ აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, იგეგმება მხოლოდ ძალოვანი მინისტრების ცვლილება – შინაგან საქმეთა მინისტრის პორტფელს ვახტანგ გომელაური ჩაიბარებს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) უფროსია. საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეცვლის ექს-პრემიერი, ამჟამად „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი. იზორია კი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდება.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის საკმარისია 76 დეპუტატის ხმა, ასე რომ, „ქართული ოცნება“ აღნიშნულ საკითხს ადვილად გადაწყვეტს.