„დინამო“ თბილისის ლიდერი თურქულ კლუბში ითამაშებს

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი თურქული საფეხბურთო გუნდის ნახევარმცველი გახდება
Sputnik

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის ლიდერმა და კაპიტანმა ლევან შენგელიამ კლუბ „კონიასპორთან“ კონტრაქტი გააფორმა, ნათქვამია თურქული გუნდის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრებში დანაკარგებია: ვინ გამოაკლდება გუნდს >>

შეთანხმება 23 წლის ნახევარმცველსა და თურქული „სუპერლიგის“ წარმომადგენელს შორის ორი წლით გაფორმდა და შესაძლოა კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივდეს. შენგელია 31 აგვისტოს თავისუფალი აგენტი გახდა.

„წარმომიდგენია, როგორი ატმოსფერო მელის. ტრანსფერამდე ცოტა ხნით ადრე ნაკრებში მიხმეს. ყველაფერ ამით აღფრთოვანებული ვარ. ეროვნული გუნდის მატჩების დასრულებისთანავე ჩამოვალ და საქმეს შევუდგები. ძალიან თბილად შემხვდნენ. ამისათვის მადლობელი ვარ. ჩემი ერთადერთი მიზანია, გუნდისათვის სასარგებლო ვიყო“, - განუცხადა შენგელიამ თურქული გუნდის პრესსამსახურს.

თურქეთის ჩემპიონატში სამი ტურის შემდეგ „კონიასპორმა“ სამი ქულა დააგროვა (სამი ფრე) და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს. მეოთხე ტურში 15 სექტემბერს „ანატოლიის არწივები“ გასვლაზე „დენიზლისპორს“ დაუპირისპირდებიან.

„დინამოს“ შემადგენლობაში შენგელიამ 50 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახება მიიღო. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შენგელია სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ მატჩზე და EURO-2020-ის შესარჩევ თამაშზე დანიასთან იხმო.