„აჩნულსა - გიფს" : ქობულეთში მამაკაცს კონდიციონერი თავზე დაეცა

დაშავებული მამაკაცი ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ქობულეთში, საცხოვრებელი ბინიდან კონდიციონერი გადმოვარდა და გამვლელს დაეცა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე დღეს მოხდა.

თბილისში შენობიდან ჩამოვარდნილმა შუშამ, სავარაუდოდ, ადამიანი იმსხვერპლა

თვითმხილველების ინფორმაციით, კონდიციონერი 55 წლის მამაკაცს დაეცა, რომელიც ტროტუარზე გადაადგილდებოდა.

მათივე ინფორმაციით, კონდიციონერი საცხოვრებელი ბინის მე-4 სართულზე ხის მცირე კონსტრუქციაზე იყო დამონტაჟებული. კონდიციონერს სპეციალისტი სადემონტაჟო სამუშაოებს უტარებდა, რა დროსაც იგი მოულოდნელად გადმოვარდა და ქუჩაში მყოფ გამვლელს დაეცა.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ სამუშაოების დროს არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. ტერიტორია სპეციალური დამცავი ლენტით არ იყო შემოსაზღვრული.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო  საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებული მამაკაცი ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმის განცხადებით, პაციენტი საშუალო სიმძიმისაა. მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. პაციენტს ასევე აღენიშნება ტვინის შერყევა.

ამ დროისთვის მას დამატებითი კვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გამოძიება 240-მუხლის, 1-ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.