გორთან წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პროექტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება.

მოწამეთას უძველეს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა წლის ბოლომდე მოეწყობა

„ტაძრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადების დაზიანებული ფრაგმენტები  ნიჩბისის ახლადმოჭრილი ქვებით შეიმოსა, რომლებიც ადგილმდებარე საბადოს ერთ-ერთ კარიერზე იქნა მოპოვებული და დამუშავებული.  ამავე ქვით მოპირკეთდა გუმბათის ყელი და  ეკლესიის კარნიზები. გადახურვის კონსტრუქციაზე მოჭიმული კირხსნარის პოლიმერული იზოლაციის ფენაზე ქვედა დონის სახურავები შეიმოსა ხის ფენილით, სადაც უახლოეს მომავალში ავთენტური ფორმის კრამიტის მოწყობის პროცესი დაიწყება”, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ქართული აგურით აღდგა ეკლესიის კანკელი, რომელიც კირხსნარით შეილესა.

ტაძრის რესტავრაციას კომპანია „აბა ჯგუფი“ ახორციელებს.

წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა და, სავარაუდოდ, განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება.