გარდაბანში თანამედროვე სტანდარტების მეფრინველეობის ფერმა გაიხსნა

ფერმა დღეში საშუალოდ 15000 საინკუბაციო კვერცხმდებლის კვერცხს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია კი ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფრინველეობის ფერმა „ქართული ფრინველი“ აშენდა, იუწყება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 1100 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან ბენეფიციარმა 750 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა საკუთარი ინვესტიციაა.

მეფრინველეობის ფერმა სააგენტოს დირექტორმა ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

გავრცელებული ინფორმაციით, ფერმა დღეში საშუალოდ 15000 საინკუბაციო კვერცხმდებლის კვერცხს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია კი გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე.

საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება - „საქსტატმა“ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა >>

საწარმოში  12 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული.

ბოლო მონაცემებით, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც ქვემო ქართლის რეგიონში 25 ახალი საწარმო გაიხსნა.