„მოდით, წიგნებზე ვისაუბროთ!“ – თბილისის ქუჩებში უფასო „ლიტერატურული ტაქსი“ მოძრაობს

თბილისს ბევრი ვერაფრით გააკვირვებ. ეს არის ატმოსფერული ფესტივალების, ლამაზი კონცერტების, მდიდარი კულტურისა და ნიჭიერი ადამიანების ქალაქი. მაგრამ რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მცირდება ისეთი პიროვნებების რიცხვი, რომელთაც შესწევთ ძალა, მთელი სული და გული ჩააქსოვონ არა კომერციულად მომგებიან პროექტში, არამედ იდეაში.
Sputnik

უკვე ერთი წელია, დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობს უცნაური, კაშკაშა წითელი ფერის ავტომობილი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ მანქანის მძღოლი ახალგაზრდა, სასიამოვნო მამაკაცი თავად ეძებს კლიენტებს, მიდის მათთან და უფასოდ მგზავრობას სთავაზობს. ადამიანებს ეს მოულოდნელი შეთავაზება, რა თქმა უნდა, ძალიან აოცებს. ვინ რას აკეთებს დღეს უფასოდ?! უფასო ყველი ხომ მხოლოდ სათაგურშია! ახალგაზრდა მძღოლი კი პოტენციურ კლიენტებს ასე მიმართავს: „გამარჯობათ! მოდით, ლიტერატურაზე ვისაუბროთ... თუ თანახმა ხართ, მაშინ უფასოდ მიგიყვანთ თბილისის ნებისმიერ წერტილში“. 

ეს წითური ინტელექტუალი ირაკლი ამბროლაძეა. 28 წლისაა, წარმოშობით ქუთაისიდანაა. ირაკლი ბავშვობიდან გატაცებულია წიგნებით და დღეს საქართველოს უნივერსიტეტში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. კაშკაშა წითელი ავტომობილი კი ძნელად შესამჩნევი, მაგრამ საამაყო წარწერით – „ლიტერატურული ტაქსი“ – მისი პირადი პროექტია.

„ყოველთვის მინდოდა გამეკეთებინა რაღაც, რაც ლიტერატურასთან იქნებოდა დაკავშირებული, – ამბობს ირაკლი. – მაგრამ ნებისმიერი პროექტი, რა თქმა უნდა, ფინანსურ ხარჯს მოითხოვს. ამიტომ ვერა და ვერ გამოვიდა. ერთხელ ჩემმა მეუღლემ, თიკუნამ აბსოლუტურად მოულოდნელად ფილმის ყურებისას შემომთავაზა: „მოდი, ლიტერატურული ტაქსი გავხსნათ“. იდეა ძალიან მომეწონა. მაგრამ არ მინდოდა, პროექტი კომერციულად მომგებიანი ყოფილიყო. ჩემი მიზანი მხოლოდ ლიტერატურა იყო“.

ლიტერატურის ახალგაზრდა პედაგოგის ასეთი ჰუმანური მიზნის მიუხედავად, „ლიტერატურული ტაქსის“ კლიენტები თავდაპირველად ეჭვის თვალით უყურებენ შეთავაზებას. ყველა აღტაცებაში არ მოჰყავს იდეას, ესაუბროს უცნობ ადამიანს ლიტერატურაზე. 

„90% შემთხვევაში უარს ვიღებ. შესაძლოა, ადამიანები უბრალოდ გადაეჩვივნენ ლიტერატურაზე საუბარს და ნაკლებს კითხულობენ. უფრო ხშირად ჩემთან ერთად გასეირნებას ახალგაზრდები თანხმდებიან. ალბათ იმიტომ, რომ უფრო გაბედულები არიან. თუმცა, ბევრი ახალგაზრდაც მეუბნება უარს. ზოგჯერ ადამიანებს არ სურთ მაინცდამაინც ლიტერატურაზე საუბარი. არ ესმით, რომ ლიტერატურა თავისთავად საუბრის შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის. ჩემი აზრით, ურთიერთობის დეფიციტის ბრალია“, – ამბობს ირაკლი.

მგზავრებს ზოგჯერ აფრთხობს კამერა, რომელიც „ლიტერატურულ ტაქსიშია“ დამონტაჟებული. ირაკლი იწერს ვიდეობლოგს და შემდეგ, რასაკვირველია, მგზავრის თანხმობით, რგოლს Facebook-ზე ან Youtube-ზე აქვეყნებს.

პროექტი თავად ირაკლისა და მის გარემოცვას ისე მოსწონთ, რომ მასწავლებელმა მისი გაფართოება გადაწყვიტა. მან მიმართა სხვადასხვა კომპანიასა და გამომცემლობას თხოვნით, მხარი დაუჭირონ მის პროექტს და მასშტაბური სახე მისცენ. მაგრამ ირაკლი ამბროლაძის იდეას ბევრმა და ერთბაშად არ აუბა მხარი. 

პროექტს შეუერთდა მხოლოდ გამომცემლობა „პალიტრა L“ და ტაქსის მძღოლს გადასცა წიგნები, რომლებსაც ახალგაზრდა ინტელექტუალი თავის მგზავრებს ურიგებს.

„მე მიყვარს ლიტერატურა. ლიტერატურას, თავის მხრივ, უყვარს, როდესაც მასზე საუბრობენ. დღესდღეობით ბენზინს ჩემი ფულით ვყიდულობ. რთული გრაფიკიდან რამდენიმე საათს ვიპარავ და მივდივარ წიგნებზე სასაუბროდ“, – აცხადებს ახალგაზრდა პედაგოგი.

არამომგებიან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ჰობის, რომელსაც ახალგაზრდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას წარმატებით უთავსებს, დადებითად აფასებენ მისი მეგობრები, ოჯახის წევრები და ნათესავები, ირაკლის სტუდენტები და მოსწავლეები. ასე რომ, ბევრი ამხნევებს მას და ირაკლის ახალ პუბლიკაციებს ინტერესით ადევნებს თვალს.

ჰობისთვის თავის დანებება ირაკლის აზრად შეიძლება გაუვლია კიდეც, მაგრამ მაშინვე ამოუგდია თავიდან. როგორც თავად ამბობს, მისი ბევრს სჯერა, იმედი აქვთ, რომ სალონური საღამოების სიყვარული, როდესაც შესაძლებელია და მოდურიცაა საყვარელი ნაწარმოებისა და ავტორების განხილვა, აუცილებლად აღორძინდება. 

„ჩემი მიზანი ხომ ძალიან უბრალოა – მეტი ვიკითხო და ვისაუბრო ადამიანებთან ლიტერატურაზე. არ მეშინოდეს აზრის გამოხატვა. მყავს მეგობრები, რომლებიც ბევრს კითხულობენ, მაგრამ ამაზე არ საუბრობენ. ჩემი აზრით, ისინი ბევრს კარგავენ“, – ფიქრობს ირაკლი.

დასანანია, მაგრამ სასწავლო წლის დასაწყისიდან წითელი „ლიტერატურული ტაქსი“ თბილისის ქუჩებში უფრო იშვიათად გამოჩნდება. თუმცა ირაკლი ამბროლაძე დარწმუნებულია, რომ ყოველდღიური რუტინისა და სამუშაოს მიუხედავად, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა საყვარელი საქმე გააგრძელოს, ის უფრო მიმზიდველი გახადოს და ფართო აუდიტორია მოიცვას.

ვინ იცის, იქნებ მალე წითელი „ლიტერატურული ტაქსით“ უფასოდ მგზავრობისა და ლიტერატურაზე საუბრის მეტი მსურველი გაჩნდეს დედაქალაქში, თუნდაც ერთი ადამიანის გულის გასახარად.