თავისი პრეზიდენტობის ორ ვადაში მიხეილ სააკაშვილმა 34 947 პირი შეიწყალა, გიორგი მარგველაშვილმა – 3861, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა ჯერ მხოლოდ შეწყალების ორი აქტი გამოსცა. მან მარიამობასთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის აღმოჩნდა ბათუმში, ღამის კლუბში 22 წლის პოლიციელის მკვლელობისათვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე. ამ ფაქტმა დეპუტატებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მძაფრი კრიტიკა გამოიწვია.
უმრავლესობის წევრ თამარ ხულორდავასაც კი, რომელიც პარლამენტამდე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე იყო, არ ესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების ლოგიკა. თუმცა, სალომე ზურაბიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან პრეზიდენტობის პირველივე თვეებში სცადა ეს საორჭოფო ფუნქცია იუსტიციის სამინისტროსთვის გადაებარებინა, მაგრამ ეს საკითხი ჩანასახშივე მკვდრადშობილი აღმოჩნდა, რადგან სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ამჟამად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, შეწყალებას ვერ განახორციელებს უწყება, რომელიც თავად უზრუნველყოფს სასჯელის აღსრულებას.
კურიოზულია ის ფაქტი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავადაა მსჯავრდებული 3 წლით შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენების გამო. თავისი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში მან 35 ათასამდე პირი შეიწყალა. აღსანიშნავია, რომ თუ მანამდე სულ 12 ათას ადამიანზე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში შეწყალების 4 აქტი გამოსცა და 23 ათასამდე ადამიანი შეიწყალა. მათ შორის მრავლად იყვნენ მძიმე, ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი პირებიც.
ბუნებრივია, ეს იყო საბოტაჟი „ქართული ოცნების“ მიმართ კრიმინოგენული სიტუაციის დასამძიმებლად, თუმცა ხელისუფლებამ ეს კრიზისი, ასე თუ ისე, გადალახა. მართალია, მუდმივი კრიტიკოსები წუხან, მაგრამ პატიმართა რიცხვის თითქმის 2,5-ჯერ შემცირების მიუხედავად ვითარება საქართველოში თითქმის ისეთივეა, როგორიც მიშას „ნულოვანი ტოლერანტობის“ დროს იყო, იმ განსხვავებით, რომ ხალხს ქუჩაში აღარ ხვრეტენ, არც სახლში უვარდებიან შუაღამით და მერე მათ ბიზნესებს საკუთარი გუნდის წევრებს არ უფორმებენ.
მიუხედავად სააკაშვილის დაჭერა-შეწყალების მძაფრი ვნებებისა, გაგიკვირდებათ და ყველაზე პროგრესული ნაბიჯები მაინც შევარდნაძის მრავალწლიანი მმართველობის პერიოდში გადაიდგა. ერთ დროს სისასტიკით ცნობილი შინაგან საქმეთა მინისტრი ასაკში უფრო გულჩვილი გახდა. მან ჯერ 1994 წელს მორატორიუმი გამოაცხადა დახვრეტაზე, 1998 წლიდან კი ევროსაბჭოში გაწევრიანებას წინ უძღოდა სიკვდილით დასჯის გაუქმება. მაშინ შევარდნაძემ ბევრ სხვასთან ერთად მასზე თავდასხმაში ბრალდებული პირებიც გაათავისუფლა.
ყველაზე მეტი კრიტიკა მაინც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხვდა წილად. არც არავინ ჰყავდა დამცველი. საკუთარი გუნდის უარმყოფელმა თუ საკუთარი გუნდის მიერ უარყოფილმა აკი ამოთქვა კიდეც – ბოლოს და ბოლოს, რას მერჩით, მე მთელი 5 წლის განმავლობაში მხოლოდ 3500 პატიმარი შევიწყალე, მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილმა 35 ათასიო. და ეს განცხადება სწორი იყო.
დისკუსია ჯერ მის მიერ ნარკოტიკების შემოტანისათვის დაკავებული ქორიძის შეწყალებამ წარმოშვა, შემდეგ მთელი საქართველო შეძრა ყოფილი პატიმრის მიერ ვერაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობამ მცირეწლოვანი შვილების თვალწინ.
როგორც წესი, საზოგადოება და ჟურნალისტები ხშირად მხოლოდ პრობლემების სათავეს ვხედავთ, აისბერგის წვერს. არადა, შეწყალების უფლება გაცილებით უფრო სერიოზულ დამოკიდებულებას ითხოვს. ის მიანიშნებს როგორც სახელმწიფოს ჰუმანურ ბუნებაზე, ასევე იმაზეც, რომ თუ არ გვინდა მკვლელები, პედოფილები და ნარკოტიკების გადამზიდველები შევიწყალოთ, თავად სისტემამ უნდა იმუშაოს გამართულად და პრეზიდენტებს არ მივცეთ ასეთების შეწყალების რეკომენდაცია.
შეწყალებულს კი საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის გზა უნდა ჰქონდეს და არა გაუსაძლისი პირობები, რის გამოც ხშირად საკუთარი თავის რეალიზების ნაცვლად ისევ დანაშაულს ჩადის.
ასე რომ, შეწყალების აქტიც კარგია და პრეზიდენტებსაც უნდა ჰქონდეთ შეწყალების უფლება. მთავარია, ამ უფლების ბოროტად ანდა შეცდომით გამოყენების შემთხვევები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.