რკინიგზელთა გაფიცვა აღარ გაიმართება

„საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებს ხელფასი დეკემბრიდან მოემატებათ.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. „რკინიგზელების ახალი პროფკავშირების" მიერ დაანონსებული გაფიცვა აღარ გაიმართება, რადგან „საქართველოს რკინიგზასთან" შეთანხმება მიღწეულია, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

რკინიგზელები შრომის პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50%-იან ზრდას მოითხოვდნენ. „რკინიგზაში" სულ 12,6 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს.

„მხარეებმა ორმხრივად მისაღები გამოსავალი იპოვეს და შეთანხმება მიღწეულია", – ნათქვამია განცხადებაში.

2019 წლის დეკემბრიდან რკინიგზელების ხელფასი გაიზრდება 10%-ით, ხოლო 2020 წლის ოქტომბერში, რკინიგზელების დღესთან დაკავშირებით, ის თანამშრომლები, რომელთა ხელფასი 1250 ლარს არ აღემატება, 200 ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ.

გაფიცვა გადაიდო: რკინიგზელები მოლაპარაკებებზე მიდიან

რკინიგზელების ხელფასი 2012 წლიდან არ გაზრდილა, განაცხადა უფრო ადრე „რკინიგზელების ახალი პროფკავშირების“ ხელმძღვანელის მოადგილემ ილია ლეჟავამ.

2021 წლის ივნისიდან, მას შემდეგ, რაც ფინანსური აუდიტის შედეგები გამოქვეყნდება, ხელფასების გადახედვის თაობაზე კვლავ გაიმართება მოლაპარაკებები.

„საქართველოს რკინიგზა" ქვეყნის სტრატეგიული კომპანიაა, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელია „საქართველოს საპარტნიორო ფონდი". ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 388,2 მილიონი ლარია.