თბილისი, 30 აგვისტო – Sputnik. ქართველი მოსწავლეები ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის (eJOI) ოთხი მედლის მფლობელები გახდნენ. ოლიმპიადა სლოვენიაში 23-დან 29 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაშია საუბარი.
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მსოფლიოს 90 სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ.
სულ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა 23 ქვეყნიდან – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, ბულგარეთიდან, ხორვატიიდან, კვიპროსიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, საქართველოდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, მოლდავეთიდან, ჩრდილოეთ მაკედონიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან, სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.
ქართველმა მოსწავლეებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: გიორგი ნადარეიშვილმა – ვერცხლი, იაკობ რიგვავამ, გიორგი ჩხაიძემ და ერეკლე ხომასურიძემ – ბრინჯაოს მედლები.
"მსოფლიოში საუკეთესო დირექტორი" შესვენებაზე მოსწავლეებთან ერთად ცეკვავს – სახალისო ვიდეო >>
„ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპის ქვეყნების უძლიერეს ექვსეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ ნაკრების ახალბედა წევრები პირველად იღებდნენ მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრში, რომელიც წარმატებით განვლეს“, – აღნიშნავენ სამინისტროში და წარმატებას ულოცავენ მოსწავლეებსა და პედაგოგებს.
პირველად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში 2017 წელს ბულგარეთში ჩატარდა.
ფორმატი eJOI ითვალისწინებს შეჯიბრებაში მხოლოდ 15 წლამდე პროგრამისტი მოზარდების მონაწილეობას. ოლიმპიადა მოიცავს ერთ საცდელ და ორ ძირითად ტურს, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეები ამოცანებს ხსნიან С++ ან Java ენაზე.
ყოველი ევროპული ქვეყნიდან იწვევენ ოთხკაციან გუნდს, ასევე ორ ხელმძღვანელს. საქართველოს გუნდის მწვრთნელები იყვნენ პროფესორი გიორგი მანდარია და მისი ასისტენტი, პროფესორი ზაზა გამეზარდაშვილი. პროექტი მთლიანად ქვეყნის განათლების სამინისტრომ დააფინანსა.