ოჯახში ძალადობა ისჯება: მამაკაცს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა

დაკავებული სისტემატურად ძალადობდა თავის მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილებზე.
Sputnik

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მეუღლისა და არასრუწლოვანი შვილების მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ცოლზე ძალადობა და ნარკოდანაშაული: თბილისში 39 წლის მამაკაცი დააკავეს

პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებული 2016 წლის 14 დეკემბრიდან 2019 წლის 3 თებერვლამდე სისტემატურად სცემდა თავის მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. გარდა ამისა, გინებით და დამამცირებელი სიტყვებით აშანტაჟებდა, ბრალდებული ასევე ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობდა შვილებზეც.

სისტემურმა ძალადობამ და დამცირებამ დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ფსიქიკური ტანჯვა და ფსიქოლოგიური ტრავმა გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი 2019 წლის 3 თებერვალს დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვნების თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემის და სხვაგვარი ძალადობის ფაქტზე წარუდგინეს.