მეგრული „ოდოია“ და წარმართული ღმერთების სახეცვლილება: მრავალსაუკუნოვანი სიმღერის ისტორია

მეგრული მითოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი ღვთაება ოდი ხვავის, ბარაქის, ჭირნახულის, მიწის ნაყოფიერების მომცემი ღმერთი იყო...
Sputnik

უძველეს ქართულ მითოლოგიაში ძალიან ბევრი პერსონაჟი ფიგურირებს. ხშირია დამთხვევები, როცა ერთი და იმავე ფუნქციის მქონე ღმერთებს სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებენ საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში. თუმცა საერთო ღვთაებებიც ასევე ხშირად გვხვდება.

ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ბევრი ღვთაების სახელი გაფერმკრთალდა, ზოგმა კი ქრისტიანული წმინდანების სახე მიიღო და უკვე ამგვარად შემორჩა. მაგალითისთვის გამოდგება გიორგის ხალხური კულტი. სხვადასხვა ძველი წარმოდგენების თანახმად, იგი იყო მონადირე, მიწათმოქმედების მფარველი, ზეციური ცეცხლისა და ჭექა-ქუხილის მბრძანებელი. ღვთაება-მხედრის სახემ, რომელიც ყოველწლიური სიკვდილითა და აღდგომით ბუნების კვდომასა და აღორძინებას განასახიერებდა, ქრისტიანულ ეპოქაში ტრანსფორმაცია განიცადა და წმინდა გიორგის წამების შესახებ ლეგენდად გარდაიქმნა. ამ ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და მთელ საქართველოში განფინა. შემდგომში კი იმ ადგილებში ტაძრები აიგო. 

სამყაროს მოწყობის ძველქართული ვერსია და ოქროსთმიანი ქალღმერთი

ქრისტიანული წმინდა გიორგის კულტის გავრცელების შემდეგ ამ უკანასკნელთან იგივდებოდა მრავალი ძველი ღვთაება: ჯარგი, ჯგრაგი (სვანებთან), ჯეგე (მეგრელებთან), ქართველ მთიელთა ლოკალური ღვთაებები (ჯვარი).

ასე მოხდა ღვთისმშობლის შემთხვევაშიც. ადრეულ პერიოდში ყველა კუთხეში სცემდნენ თაყვანს ადგილის დედას, ქალ-ღვთაებას, რომელიც კონკრეტული სოფლისა თუ მხარის მფარველად მოიაზრებოდა. ხევსურებს ის წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც სოფლის მშვიდობიან ცხოვრებასა და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე ზრუნავდა.

სავარაუდოდ, მთელ საქართველოში გავრცელებული ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც გახლდათ. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად იგი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა. აქედანაა მისი სახელიც – ადგილის ღვთისმშობელი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები მას თაყვანს სცემდნენ როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეთა და საქონლის მფარველს.

მსგავსი მეტამორფოზა განიცადა წინარექრისტიანულმა ღვთაება ბარბარემაც. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე მიწათმოქმედებსა და მესაქონლეებს უხვი ჭირნახულ-დოვლათის მიღებაში ეხმარებოდა, ხელს უწყობდა საქონლის, შინაური ფრინველისა თუ ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალეს ეძღვნებოდა სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდა. ბარბალეს თაყვანს სცემდნენ როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურება, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია. 

სამძიმარ-ხელი, ყელღილიანი - ხევსურთა ღვთაება და ხახმატის ჯვრის მოდე

ძალიან საინტერესო პერსონაჟია მეგრული მითოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი ღვთაება ოდი. ის ხვავის, ბარაქის, ჭირნახულის, მიწის ნაყოფიერების მომცემი ღმერთი იყო. როგორც მასზე შექმნილი მეგრული ხალხური სიმღერების ტექსტებიდან ჩანს, ამ ღვთაების გარეგნობა ვერძს უკავშირდება და ხშირად ისე წარმოისახება, როგორც ვერძი, ან როგორც ვერძის სახისა და ადამიანის ტანის მქონე. ის არის უძველესი მიწათმოქმედი ხალხის — პროტოქართველთა მიწის დიდი ღვთაება, რომელთაც მიწათმოქმედება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის 63-ე საუკუნიდან დაიწყეს. სახელი „ოდი" ან „ოდო" წინარექართული ენიდანაა წარმომდგარი და დღესაც მტკიცედ ზის ქართველურ ენებში. ღმერთ ოდის უკავშირდება კახური სიმღერა „ოდური", რომელიც სამეგრელოშიც, სვანეთშიცა და კახეთშიც ღვთაების გულის მოსაგებად სრულდებოდა ხვნა-თესვის, განსაკუთრებით კი თოხნის დროს, რათა „მოლბეს დიდი ოდის გული და მიწას ნაყოფიერება მოსცეს“.

სწორედ მეგრულ-კოლხური ღვთაება ოდის სადიდებლადაა შექმნილი ხალხური სიმღერა „ოდოია“. სიმღერის ტექსტის მეგრულიდან თარგმანი ასეთი გახლავთ:

„ოდოია კურთხეული, ოდო დალოცვილი, ჩემი ჭირის პატრონი და ჩემი სიკეთის ბატონი, ოდოი და დია, დალოცვილი, დალოცვილი“.

ცნობილი მეცნიერის, კალისტრატე სამუშიას აზრით, ენგურსა და ცხენისწყალს შორის მდებარე ტერიტორიას იმიტომაც ეწოდა „ოდიში“, რომ იქაურები, სხვა კოლხურ ღვთაებებზე მეტად, ჭირნახულის ღვთაება ოდოს სცემდნენ თაყვანს.

უძველეს კოლხურ ღვთაებათა პანთეონში კიდევ ბევრი საინტერესო პერსონაჟია, ისეთები, როგორებიცაა ოჩოკოჩი, ტყაში მაფა, ბოჩი და სხვები. მათ შესახებ ინფორმაციას მომავალში მოგაწვდით.