ისევ ქართველი თუ მოიფიქრებდა... ვარჯიში ქართულად, ანუ ზედმეტი დატვირთვის გარეშე – „47+5“

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია „47+5“ მეთოდოლოგიის ავტორი გუჯა კახაძე.
Sputnik

მხოლოდ ქართველი თუ მოიფიქრებდა ვარჯიშს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე და ისევ ქართველი თუ იტყოდა: „საინტერესოა, ლოგიკურია, მაგრამ მაინც არ მჯერა“.

ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ „Sputnik-საქართველოს“ გადამღებმა ჯგუფმა იპოვა ადამიანი, რომელსაც შეუძლია მსუბუქი დატვირთვით 47 დღეში მიაღწიოს ისეთივე შედეგს, რისთვისაც სხვებს ორი წლის განმავლობაში უმძიმესი დატვირთვით ვარჯიში სჭირდებათ.

ისევ ქართველი თუ მოიფიქრებდა... ვარჯიში ქართულად, ანუ ზედმეტი დატვირთვის გარეშე – „47+5“

ფეხბურთელებისთვის შემუშავებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების უნიკალური სისტემის ავტორი თბილისელი გუჯა კახაძე გახლავთ, რომელმაც მრავალწლიანი ძიებისა და სპორტსმენების ხასიათზე დაკვირვების შემდეგ შეიმუშავა ახალი მეთოდი – ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე – „47+5“.

როგორც პედაგოგი გვეუბნება, მენტალური მომზადების მეთოდის ტრადიციულ ფიზმომზადებაზე დამატებით დროის მოკლე მონაკვეთში გარანტირებულად ვიღებთ იდეალურ შედეგს, მაგრამ ამას რატომღაც ვერ იჯერებენ ან არავის აინტერესებს.

გუჯა კახაძის მენტალური ვარჯიშები დატვირთვით შესასრულებელი დავალების მსუბუქად შესრულების საშუალებას იძლევა.

ეს არის სისტემა, რომელიც სირბილის დროს ნებისმიერი მოძრაობის მინიმალური ენერგოდანახარჯით შესრულებას უზრუნველყოფს.

ისევ ქართველი თუ მოიფიქრებდა... ვარჯიში ქართულად, ანუ ზედმეტი დატვირთვის გარეშე – „47+5“

– როდის გამოიგონეთ „47+5“ მეთოდი და რას მოიაზრებს?

– მეცხრე კლასში დავინტერესდი მძლეოსნობით, მაგრამ მივხვდი, რომ იმ დატვირთვებს ვერ გავუძლებდი, რაც ჩემპიონობისთვის არის საჭირო, ამიტომ სპორტს თავი დავანებე. 33 წლის განმავლობაში ვსწავლობდი „47+5“ მეთოდს და უკვე 16 წელია წარმატებულად მუშაობს.

ნებისმიერი ასაკის სპორტსმენი „47+5“ მეთოდით 52 დღის განმავლობაში შეისწავლის სირბილის 58 ელემენტს და დატვირთვის გარეშე ვარჯიშით მიიღებს ისეთივე შედეგს, როგორიც ერთი წლის განმავლობაში ყოველდღიური მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიშით არის შესაძლებელი: ამტანობა, სისწრაფე, სასტარტო სისწრაფე და სწრაფგამძლეობა.

სრული კურსის გავლის შემდეგ (52 ვარჯიში) ფეხბურთელს უკვე შეუძლია ორი ტაიმის განმავლობაში მაღალ ტემპში ირბინოს და მხოლოდ მსუბუქად დაიღალოს.

სირბილის პარალელურად სპორტსმენი შეისწავლის:

1. სწორად სუნთქვას

2. სტატიკურ გაწელვებს

3. წონის კორექციას დიეტის გარეშე

4. თვითმასაჟს სირბილის დახმარებით

5. მოედანზე მიღებული ტრავმის სწრაფ რეაბილიტაციას

6. კოორდინაციის გაუმჯობესებას

7. მხრებში მოხრილობის გასწორებას

8. ფსიქიკის კონტროლს

ისევ ქართველი თუ მოიფიქრებდა... ვარჯიში ქართულად, ანუ ზედმეტი დატვირთვის გარეშე – „47+5“

– რა განსხვავებაა ტრადიციულ ფიზმომზადებასა და „47+5“ მეთოდს შორის?

– ტრადიციული ფიზმომზადება მაქსიმალურ დატვირთვებს ითვალისწინებს. შესაბამისად, იშვიათობაა სპორტსმენი, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ ჯანმრთელი რჩება.

ჩემი მეთოდი კი ფიზიკური კონდიციების სწრაფ მატებასთან ერთად ორგანიზმის გაჯანსაღებასაც უწყობს ხელს და სპორტსმენის ტრავმამედეგობასაც ზრდის.

ტრავმების მოშუშება „ტრადიციულად“ ექიმის პრეროგატივაა და ფიზიკური ფორმის აღდგენა ამ ყველაფრის შემდეგ იწყება. ჩემთან კი რეაბილიტაცია და ფიზიკური ფორმის აღდგენა ერთდროულად ხდება. ამიტომაც არის შედეგი ასეთი სწრაფი.

თუმცა, სინამდვილეში, მენტალური მომზადების მეთოდიკა - „ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5“ არის მარტივად ასათვისებელი, მაგრამ გამოუცდელი თვალისათვის ძნელად შესამჩნევი, თვისობრივად სრულიად განსხვავებული მეთოდი.

ისევ ქართველი თუ მოიფიქრებდა... ვარჯიში ქართულად, ანუ ზედმეტი დატვირთვის გარეშე – „47+5“

„47+5“ მეთოდი ასევე ხელს უწყობს ძირითად სახეობაში ტექნიკის სწრაფად დახვეწას (ფეხბურთი, რაგბი, ჩოგბურთი…) და ადრე არაფრით გამორჩეულ, ჩვეულებრივ მოთამაშეს საერთაშორისო კლასის სპორტსმენად ჩამოყალიბებაში ეხმარება.

მენისკიც და შლატერიც ძირითადად არასწორი სირბილისგან ვითარდება. ექიმი მკურნალობს შედეგს, მაგრამ არასწორი სირბილი კვლავ იწვევს იმავეს და ბოლოს აუცილებელი ხდება მენისკის ოპერაციის გაკეთება. კარგად მახსოვს რამდენიმე პაციენტი, რომლებიც „47+5“ მეთოდიკით მკურნალობის შემდეგ მძიმე ოპერაციას გადაურჩა და ფეხბურთელის კარიერა წარმატებით გააგრძელა.

ქართველი მწვრთნელები ხშირად აღნიშნავენ, რომ ზრდასრული ფეხბურთელისთვის სირბილის ტექნიკის შეცვლა შეუძლებელია. პასუხი მარტივია – ეს შესაძლებელია, მაგრამ საჭირო არ არის, რადგან სირბილის ადრე ნასწავლ ტექნიკას თუ დავუმატებთ ჩემ ტექნიკას, სირბილის ორი ტექნიკით აღჭურვილი ფეხბურთელი ბევრად ადვილად მოახერხებს მოწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვებას. რაც მეტია ცოდნა, მით მეტია წარმატების შანსი.

ისევ ქართველი თუ მოიფიქრებდა... ვარჯიში ქართულად, ანუ ზედმეტი დატვირთვის გარეშე – „47+5“

– რომელ პაციენტებს გამოარჩევდით?

– გამოვყოფდი ორ პაციენტს: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელსაც პარკინსონის დაავადება აქვს და აწ გარდაცვლილ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს რომან გვენცაძეს, რომელსაც ასევე პარკინსონის დაავადება ჰქონდა.

პატრიარქთან მუშაობა მომიწია შარშან, იანვარ-თებერვლის თვეში. ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად ვერ დგებოდა სავარძლიდან, პირველივე დღეს წამოდგა. ერთ კვირაში შეეძლო დამოუკიდებლად სიარული და შემდეგ ერთ კვირაში მძიმე კვერთხი ეჭირა ხელში და თავისუფლად გადაადგილდებოდა.

ისევ ქართველი თუ მოიფიქრებდა... ვარჯიში ქართულად, ანუ ზედმეტი დატვირთვის გარეშე – „47+5“

„Sputnik–საქართველოს“ ჯგუფი ესაუბრა კათოლიკოს-პატრიარქის ექიმს ცისანა შარტავას, რომელმაც დააზუსტა, რომ გუჯა კახიძის გაკვეთილებისას პატრიარქს ნამდვილად ჰქონდა უკეთესობა და ისევ სურთ, რომ გააგრძელონ მკურნალობის კურსი.

ასევე ვესაუბრეთ სხვა პაციენტებსა და სპორტსმენებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გრძნობენ. თუმცა არის ასევე ხალხი, ვისაც ვარჯიშები არ გაუვლია, მაგრამ მაინც უნდობლად უყურებენ ამ ყველაფერს.

მხოლოდ ქართველი თუ მოიფიქრებდა ვარჯიშს „ზარმაცებისთვის“ და ისევ მხოლოდ ქართველი არ დაიჯერებდა იმას, რაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია...