საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რაგბის საკოლექციო მონეტები მიუძღვნა

მონეტები ხვალიდან გაიყიდება
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ახალი საკოლექციო ოქროსა და ვერცხლი მონეტები გამოუშვა, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო კვადრატული მონეტა გამოუშვა

მონეტები გამოშვებულია რაგბის რიგით მე-9 მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც იაპონიაში 2019 წლის 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ჩემპიონატში მონაწილეობას მეხუთედ იღებს. 

„აღნიშნული საკოლექციო მონეტები ოვალურია და იმეორებს  რაგბის ბურთის ფორმას, რაც სიახლეა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აქამდე გამოშვებული მონეტების   დიზაინის თვალსაზრისით“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიზაინის ავტორებია მამუკა გონგაძე და ნიტა გონგაძე. ოქროსა და ვერცხლის მონეტები ლიეტუვაში მოიჭრა. მათი დიზაინი იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ფერშია.

მონეტის ავერსზე გამოსახულია მორაგბე ბურთით ხელში,  ბორჯღალი - საქართველოს რაგბის კავშირის ლოგო;  რაგბის მსოფლიო თასის აღმნიშვნელი წარწერა ინგლისურ და იაპონურ ენებზე,  „2019“  და  „5 ლარი“.

რევერსზე გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის - ლელობურთის  საწყისი მომენტი - ჰაერში აგდებული ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები;  წარწერები „ლელო“, „LELO”, „Georgia”, „საქართველო“.

ვერცხლის საკოლექციო მონეტის ფასია 75 ლარი, ოქროს მონეტის ფასია 1500 ლარი. ეროვნული ბანკი სულ 3 ათს ვერცხლის და 100 ოქროს მონეტას გამოუშვებს. მონეტების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება.