საქართველომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა

ტოკიოს ტურნირზე ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი მედალი აქვს, მათ შორის ერთი ოქროსია
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტოკიოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მაისურაძემ ირანელ სიედ მოლაეს სძლია.

21 წლის მაისურაძისთვის მოზრდილთა მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს პირველი მედალია. 2018 წელს ჩვენი ძიუდოისტი ასევე დაეუფლა ბრინჯაოს, თუმცა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

საქართველომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მედალი მოიპოვა

ამგვარად, ტოკიოს ტურნირის ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქრო ლუხუმ ჩხვიმიანმა აიღო.

მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღეს მამაკაცები მედლებს 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში გაათამაშებენ. საქართველოს ბექა ღვინიაშვილი წარმოადგენს, რომელიც ინდოეთის წარმომადგენელს - აჯაია მისტრის დაუპირისპირდება.