საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 28 აგვისტო - ღვთისმშობლის მიძინება–მარიამობა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 28 აგვისტოს მარიამობას – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას ზეიმობს.
Sputnik

ამ დღეს ასევე აღინიშნება სიონობა. ღმრთისმშობლის ხატთა თაყვანისცემა: ბოლნისის, ატენის, აწყურის, გაენათის, წილკნის, მეტეხის, ქვაბთახევის, მოზდოკის, ვლაქერნის, საგურამოს, საცხენისის, ძველი გავაზისა და რუსთავის.

რას მოგვითხრობს უძველესი საღვთო გადმოცემა

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ იერუსალიმში ცხოვრობდა, იოანე ღვთისმეტყველის სახლში. უბიწო ქალწული მოციქულებთან ერთად ლოცულობდა, უყვებოდა მათ ძე ღვთისას შესახებ, ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა. ყველანი საოცარ მოწიწებას გრძნობდნენ დაუტევნელის დამტევნელი დედის მიმართ. სხვა ქვეყნებიდანაც მოდიოდნენ მის სანახავად და მისი მადლმოსილი სიტყვების მოსასმენად.

როცა ჰეროდე მეფემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო, 43 წელს, ყოვლადწმიდა მარიამმა იოანე ღვთისმეტყველთან ერთად ეფესოს მიაშურა, იყო კვიპროსზეც - მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესთან, ქრისტიანობა იქადაგა ათონის წმიდა მიწაზე. ბოლოს კი, ღვთის ნებით, კვლავ იერუსალიმს დაუბრუნდა. ის ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. და აი, ერთხელ, როცა მარიამი მაცხოვრის აკლდამაში ლოცულობდა, ცა გაიხსნა, გარდამოხდა გაბრიელ მთავარანგელოზი ხელში ზეთისხილის რტოთი და უბიწო ქალწულს ახარა: „გიხაროდენ მარიამ, რომელმან ჰშვენ ღმერთი ჩუ ჱნი, ლოცვა შენი აღვიდა წინაშე ძისა შენისა და შეწირულ იქმნა, ამიერიდგან დაუტევებ სოფელსა, ნეტარო, და ზეცასა აღხვალ!“ ღვთისმშობელი დიდად გაახარა ამ უწყებამ და მიცვალებისათვის მზადება დაიწყო.

მარიამი: სახელის ისტორია, 109 540 მარიამი და ცნობილი ქართველი მარიამები

მოციქულები ამ დროისათვის იერუსალიმში არ იყვნენ - სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, მაგრამ მარიამს ძალიან სურდა, ამსოფლიდან განსვლამდე ყველანი ერთად ეხილა. უფალმა ეს სურვილიც აუსრულა ნეტარს: მეყსეულად შემოჰკრიბა მასთან მაცხოვრის ყველა მოწაფე. ხუთი მათგანი მკვდრეთით აღმდგარიყო. მოციქულები მიესალმნენ მას და მოუთხრეს, თუ როგორ იქნენ აღტაცებულნი მოღვაწეობის ადგილებიდან. გახარებულმა უბიწო ქალწულმა მადლობა შესწირა ღმერთს, შემდეგ კი თავის მიცვალებაზე დაიწყო საუბარი.

სწორედ ამ დროს ასევე სასწაულებრივ წარდგა მათ წინაშე პავლე მოციქულიც თავისი მოწაფეების: დიონისე არეოპაგელის, საკვირველი იეროთეოსის, ღვთაებრივი ტიმოთეს და სხვა სამოცდაათთაგანთა თანხლებით. მარიამი სახელებით უხმობდა ყველას, ქებას ასხამდა მათ სარწმუნოებას და აკურთხებდა. შემდეგ წმიდა დედა იაკობ მღვდელმთავრის ხელით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა. მესამე ჟამს - ღვთისმშობლის ამსოფლიდან გასვლისას საოცარი ნათლით გაბრწყინდა ის ოთახი, რომელშიც იგი იწვა, „იქმნა დიდებით განსაკჳრვებელი მოსლვა ქრისტეს ღვთისა და ძისა მისისა დიდებითა მით გამოუთქმელითა“. მან წმიდა და ყოვლად უბიწო სული მშობლისა თვისისა „საღმრთოთა მათ და უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით აამაღლა ზეცად.

მარიამობის დღე: საქართველოს ეკლესიებში ხალხი ლოცულობდა და სანთლებს ანთებდა

მთელი სახლი საოცარი სურნელებით აივსო. მოციქულები კრძალვით მიეახლნენ ნათელშემომდგარ წმიდა ცხედარს, შემოკრბენ „სნეულნი და არა ძლებულნიც“ და მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.

ქრისტეს მოწაფეებმა ღამე ლოცვაში გაათიეს და პარასკევ დილით ღვთისმშობლის პატიოსანი ნეშტი სიონიდან გეთსიმანიაში გადაასვენეს. გაბოროტებულ ურიათაგან ერთ-ერთმა, „იწყო დაქცევად ცხედრისა, ვითარ-იგი მოციქულთა ეტჳრთა“, მაგრამ უფლის ანგელოზმა ცეცხლოვანი მახვილით ორივე მხარი მოჰკვეთა მკრეხელს, რომლებიც ცხედრის მახლობლად, ჰაერში დაეკიდა.

მოციქულებმა წმიდა ცხედარი დაასვენეს და უბიწო ქალწულს შეავედრეს მონანული. მოკვეთილი მკლავები მას ისე სასწაულებრივად მიეზარდა მხრებზე, რომ ჭრილობის კვალიც აღარსად ჩანდა. მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა გვამი აკლდამაში დაკრძალეს.

ყოვლადწმიდა მარიამის მიძინებას ერთი ათორმეტთაგანი - თომა ვერ შეესწრო. ღვთის განგებით, იგი სწორედ კვირა ღამეს მივიდა გეთსიმანიაში და ღვთისმშობლის გარდაცვალებით შეწუხებულმა, ითხოვა, საფლავი გაეხსნათ, რომ წმიდა გვამისთვის თაყვანი ეცა. კარი მართლაც გააღეს, მაგრამ აკლდამა ცარიელი დაუხვდათ. მაშინ, ერთი ცნობით, „გამობრწყინდა ნათელი ბრწყინვალე, წინაშე კიდობანსა მას, ვითარცა ხორცითა და ჩვეულებისაებრ მდგომარე იხილეს წმიდა ღვთისმშობელი და თაყუანისცეს“. ყოვლადწმიდამ თომა ახლოს მიიხმო და მისი სარწმუნოების აღიარება რომ მოისმინა, „შეიტკბო და აკურთხნა და უჩინო იქმნა“. სხვა წყაროთა მოწმობით, ყოვლადწმიდა მარიამი მაშინ გამოუჩნდათ გაოცებულ მოციქულებს, როცა შინ დაბრუნდნენ და ტრაპეზს შემოუსხდნენ. ღვთისმშობელმა მათ მიმართა: „გიხაროდენ! მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა შინა“.