საქართველოს პირველი პირები მოსახლეობას მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ

28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს.
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა მოსახლეობას მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

28 აგვისტოს მართლმადიდებელი სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღნიშნავს. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას მარიამობა სოციალური ქსელით მიულოცა.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა 34 მსჯავრდებული შეიწყალა

„გილოცავთ მარიამობას! ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!“ – წერს ზურაბიშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კი მორწმუნეებს მარიამობის დღესასწაული სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. საქართველო არის წილხვედრი წმინდა დედისა და ჩვენ, ქართველებს საუკუნეების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებული რწმენა და სიყვარული დედა ღვთისმშობლის. უკვე 2019 წლის მაისიდან სახელმწიფოში ოფიციალურად აღვნიშნავთ ამ დიდებულ მოვლენას. ამ გადაწყვეტილებას როდესაც ვიღებდით, ჩვენ ვგრძნობდით ქართული ეკლესიისა და ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. მადლობა სრულიად საქართველოს, ქართული ეკლესიის მრევლსა და მსოფლიო საქრისტიანოს ვულოცავ ამ დიდებულ დღესასწაულს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისა, ანუ მარიამობა ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული დღესასწაულია.