პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრა: ბრალდებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს

დაკავებულს, რომლის ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი იცავს, ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. არასრულწლოვანისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით დაკავებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს, იუწყება პირველი არხი.

თბილისში, პეკინის გამზირზე წუხელ მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მცირეწლოვანი ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ნეიროფსიქოლოგი ბიჭუნას დაჭრაზე: ფსიქოლოგიური დახმარება ბავშვის მშობლებსაც სჭირდებათ

„ამ ეტაპისთვის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. შესაბამისად, მე მოკლებული ვარ შესაძლებლობებს, ვრცელი კომენტარი გავაკეთო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შემდეგ მოგცემთ კომენტარს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. გარკვეული სტრატეგია შევაჯერეთ“, – განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ. ბრალდებულის უფლებებს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი ნათია პაჭკორია იცავს.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.