პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი დაკავებულია

დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვანისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული ქალი თ.ს. დააკავეს, იუწყება პირველი არხი შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თბილისში, პეკინის გამზირზე წუხელ მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მცირეწლოვანი ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

პეკინის გამზირზე გამვლელმა ქალმა სამი წლის ბავშვი დაჭრა - დამნაშავე მიიმალა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე 2015 წელს დაბადებულ მცირეწლოვანს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – განაცხადეს შსს-ში.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიკოსების განცხადებით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.