პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრიტანული ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს

საქართველოში ხაზარაძისა და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები უკვე დაყადაღებულია.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. TBC Bank-ის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სახელმწიფო სტრუქტურებს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების გაგრძელებაში ადანაშაულებენ.

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ივლისის ბოლოს სასამართლომ თითოეული მათგანისთვის აღკვეთის ზომად 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო დააწესა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

TBC Bank-ის დამფუძნებლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს და აცნობა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში და ბრიტანეთში მათი ფულადი სახსრები, შესაძლოა, კრიმინალური წარმოშობის იყოს.

გირაო გადახდილია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სასამართლოს მოთხოვნა შეასრულეს

"ბრიტანელი კოლეგები, ცხადია, ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. ეს მცდელობა ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს ბრიტანეთში“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის ინფორმაციით, ბრიტანეთში გასაგზავნად მზად არის ყადაღის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ პროკურატურას გადაუმოწმებლად დაუდასტურა.

მისივე თქმით, ის და ხაზარაძე მზად არიან ბრიტანულ მხარესთან ითანამშრომლონ და დაამტკიცონ, რომ ფული, რომელიც ბრიტანეთში მათ სახელზეა, კანონიერია და დანაშაულთან კავშირი არ აქვს.

საქართველოში ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები უკვე დაყადაღებულია.

ფულის გათეთრების საქმე: ბიზნესმენ წერეთლის ვაჟი შეშფოთებულია თავისი "TV პირველის" გამო

საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს "სამგორი თრეიდმა" და შპს "სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, "თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 754 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს "სამგორი M"-სა და "სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, "თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.

ხაზარაძე: ღმერთის და ხალხის წინაშე ვამბობ, რომ პირნათელი ვარ

ბანკს არ მოუთხოვია თანხის უკან დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა "სამგორი M"-სა და "სამგორი თრეიდს". "თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.

მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.

პარალელურად "თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.