რა აღმოაჩინეს სპელეოლოგებმა საქართველოს მღვიმეებში

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები საქართველოს დაცული ტერიტორიების ორ ბუნების ძეგლს, მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. წყალტუბოს რაიონის მელოურის მღვიმეში ქართველმა და ჩეხმა სპელეოლეგებმა ამ დრომდე უცნობი, ნაღვენთი ფორმების 300-მეტრიანი გალერეა აღმოაჩინეს, ნათქვამია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.

ქართველი და ჩეხი სპელეოლოგები საქართველოს დაცული ტერიტორიების ორ ბუნების ძეგლს, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ – მელოურისა და ბღერის მღვიმეებს იკვლევენ.

„ბღერის მღვიმეში 1986 წლის შემდეგ ექსპედიცია არ ჩატარებულა. ექსპედიციის წევრებმა დაასუფთავეს მღვიმის შესასვლელი და გაწმინდეს მდინარის მიერ მიტანილი ხის მორებისა და ქვიშისგან", – აღნიშნულია განცხადებაში.

ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი წარმოადგენს 1700 მ სიგრძისა და 14 000 მ2 ფართობის მღვიმეს, რომელიც გამომუშავებულია მდინარე ბღერისწყლის მიერ ქვედა ცარცული ასაკის თხელ- და საშუალოშრეებრივ კირქვებში.

მელოურის მღვიმე თავისი მასშტაბებით საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. ჩასასვლელი 8-10 მეტრის სიღრმის ჩაქცევითი ძაბრის ფსკერზე იხსნება და გიგანტური კირქვის ნაზვავ ლოდებში 15 მეტრ სიღრმემდე ეშვება. მღვიმეში ვრცელი დარბაზებია, რომელთა ბოლოს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე წარმოქმნილია კანიონისებური ხეობა, სადაც გაედინება მუდმივი ნაკადი.

სააგენტოს ინფორმაციით, ექსპედიციის ფინალში სპელეოლოგები მღვიმეების დეტალურ ტოპოგრაფიულ გეგმას შეადგენენ.