„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე მამა გახდა. ჟურნალისტი „ფეიბუქის“ პირად გვერდზე შვილების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მან გოგონებს ნატატა და თინანო დაარქვა.
„სხვა ცხოვრება, სხვა განცდა, სხვა გრძნობა. დღეიდან ორი შვილის მამა ვარ. ნატატა და თინანო მელაძეები დაიბადნენ. Tea Tsetskhladze მადლობა ამ დღისთვის“, – წერს მელაძე.
რამდენიმე დღეში რომ ტყუპებს ელოდებოდა, ნოდარ მელაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების დროს გამართულ ბრიფინგზეც განაცხადა და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყებოდა.
ბავშვების დედა აჭარელი ჟურნალისტი თეა ცეცხლაძეა, რომელიც ასევე წლებია მედიაში მოღვაწეობს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია და ამას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეც ღიად გამოხატავს. თეა ცეცხლაძე რამდენიმე წლის წინ აჭარის ტელევიზიის დირექტორი იყო, ბოლოს კი „რუსთავი 2“-ში მუშაობდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და არხის სხვა თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლეს.