თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ცნობილი ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას მოკლე კაბით გამოჩნდა.
ქსელში გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც ლათინოამერიკელი ლამაზმანი თავს იწონებს რძისფერი მოკლე კაბით. სამოსი შესანიშნავად გამოკვეთს ლოპესის ფიგურას. მომღერალი, როგორც ცნობილია, ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს. ფოტოებზე ჩანს, რომ კაბას აქვს შავი გამჭვირვალე ჩანართები, რომლებიც ლოპესის წვრილ წელს უსვამს ხაზს.
ჯენიფერ ლოპესი დევიდ კომას სამოსით საზოგადოებაში პირველად არ გამოჩენილა. ამას წინათ მას ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი შავი კაბა ეცვა კლიპში Medicine.
დევიდ კომა
ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა დავით კომახიძემ საკუთარი მარკა - David Koma - 2009 წელს ჩამოაყალიბა. დღეს ის თანამშრომლობს მსოფლიოში სახელმოხვეჭილ მასობრივ მარკეტგიგანტთან - Topshop — David Koma for Topshop, 2014 წლიდან კი არის Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორი.
დევიდ კომა დაიბადა თბილისში 1981 წელს, ბავშვობიდან ოცნებობდა მოდის ინდუსტრიაში მუშაობაზე. გატაცებული იყო ხატვით და უნდოდა ლონდონში გამგზავრება, რათა დიზაინერის სპეციალობა შეესწავლა. თავდაპირველად კომამ სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო სამხატვრო-სამრეწველო აკადემიაში ჩააბარა.
სადებიუტო კოლექცია კომამ 15 წლის ასაკში წარადგინა. კომას ბავშვობის ოცნება ახდა - იგი ლონდონში გაემგზავრა და წმინდა მარტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალური კოლეჯი დაამთავრა.
კომას სამოსს შეიძლება მრავალი უცხოელი ვარსკვლავის ნამდვილი ფავორიტი ეწოდოს. მის მიერ შექმნილ კაბებს ირგებენ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, როგორებიც არიან მეგან ფოქსი, ჯესიკა ალბა, ადრიანა ლიმა, მიშელ ობამა და მრავალი სხვა.