„ფორსაჟი-9“: ფილმის გადაღების გამო მოძრაობა რუსთაველის გამზირზე შეიზღუდება

ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანია UNIVERSAl PICTUREის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმ „ფორსაჟი 9"-ს ეპიზოდის გადაღება 18 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. ცნობილი ჰოლივუდური ფილმის „Fast and Furious 9“-ის გადაღებებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით შეიზღუდება.

თბილისელებს უხარიათ, რომ „ფორსაჟს“ საქართველოში იღებენ - ვიდეო გამოკითხვა

კერძოდ, 26 აგვისტოს, 23:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედნიდან ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე. ავლაბრიდან მომავალი ავტოტრანსპორტის ნაკადი, ბარათაშვილის ხიდის გავლით იმოძრავებს, როგორც თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით.

ავტოტრანსპორტი რუსთაველის მეტროდან ყოფილი „ფოსტის“ შენობამდე იმოძრავებს და შემდეგ მოძრაობას რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით განაგრძობს. მოძრაობა აიკრძალება რუსთაველის გამზირზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე.

ასევე, ზემო ვერაზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ისარგებლებს გრიბოედოვისა და ბარნოვის ქუჩებით, რომელთა გავლითაც მოხვდებიან რუსთაველის გამზირზე.

ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანია UNIVERSAl PICTURES-ის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმ „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდის გადაღება 18 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება.

გადაღებებისთვის საქართველოს ორასამდე ჰოლივუდელი სტუმარი ეწვია. გადამღები ჯგუფი სულ 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია. ამასთან ჩამოყვანილია სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც, ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება.

„ფორსაჟული“ ცხელება: ყველაზე პოპულარული ქართული ხუმრობები ვინ დიზელის შესახებ

როგორც ცნობილია, თბილისში „ფორსაჟი 9"-ს 10-წუთიან მონაკვეთს გადაიღებენ. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯება.

გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე რუსთავში, ბაზრობის ტერიტორიაზე.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინფორმაციით, გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" არსებობის ისტორიაში.

არსებული ინფორმაციით, „ფორსაჟის" მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი.

ვინ დიზელი ცდილობს თბილისის ქუჩებში ყვითელ სამარშუტო ტაქსებს გვერდი აუაროს - ვიდეო >>

„ფორსაჟი" (The Fast and Furious) არის ამერიკული კინო-ფრენჩაიზი, რომელიც ამჟამად შედგება რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან. ფილმები გამოდიოდა 2001 წლიდან 2017 წლამდე.

„ფორსაჟი" არის Universal Studios-ს უდიდესი და ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზი, რომლის ბიუჯეტი 5.1 მილიარდ დოლარზე მეტია. ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი, მსახიობები – ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.